ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი იქნება
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ეკატერინე ტიკარაძეს ზურაბ აზარაშვილი ჩაანაცვლებს.
ზურაბ აზარაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა.
"ზურაბ აზარაშვილი ბიზნესადმინისტრირების მაგისტრია. მას ფინანსების მართვის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. არის ძალიან ძლიერი მენეჯერი. თავად დავრწმუნდი ამაში, როცა მე ვიყავი თავდაცვის მინისტრი. ზურაბ აზარაშვილი მაშინ იყო "დელტას" ხელმძღვანელი, ასევე თბილავიამშენის ხელმძღვანელი. მისი უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიცაა საქართველოს ავიაციის აღდგენა, უამრავი სხვა პროექტი, რომელიც უკავშირდება ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერებას და ა.შ. ის ექიმის ოჯახში გაზრდილია, მას რა თქმა უნდა გარკად აქვს გაცნობიერებული ის გამოწვევები, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშეა. ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი არის დაახლოებით 6 მლრდ ლარი. ეს არის მთლიანი ბიუჯეტის თითქმის მესამედი. ბუნებრივია, ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან გამოცდილი კადრი გვჭირდება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ზურაბ აზარაშვილი ამ დრომდე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
შეგახსენებთ, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ 9 დეკემბერს განაცხადა.