საზოგადოება
12/11/2021

იგეგმება თუ არა სიახლეები "მწვანე ბარათის" მფლობელებისთვის

ჯანდაცვის სექტორი პირველ ეტაპზე დააკვირდება, რამდენად წარმატებით მოხდება "მწვანე ბარათის" ადმინისტრირება. შემდეგ კი, პირველი გამოცდილების მიღების და პანდემიური სიტუაციის გათვალისწინებით, მისი გამოყენების არეალის გაფართოებაზე იფიქრებს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია მიიჩნევს, რომ "მწვანე ბარათი" რაც უფრო ბევრ სექტორში ამოქმედდება, ეპიდემიური თვალსაზრისით უკეთესი შედეგი დადგება. 

მისი თქმით, "მწვანე ბარათის" ამოქმედებისას გათვალისწინებულია სამი ფაქტორი - ბიზნეს გარემოში, მაგალითად სამასპინძლო ბიზნესში ინფიცირებული ადამიანი არ მოხდვეს, "მწვანე ბარათის" ამოქმედებას ბაზისური საყოფაცხოვრებო მოთხოვნებისთვის დაკმაყოფილებისთვის ხელი არ შეეშალა და მესამე, მნიშვნელოვანი ფაქტორია ადმინისტრირების შესაძლებლობა. 

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, უხარვეზოდ გაეშვას "მწვანე საშვების" მოქმედების პირველი ეტაპი, რეალურად მხოლოდ მკაცრი და სწორი აღსრულების პირობებში გვქონდეს დადებითი შედეგის მოლოდინი. პირველი გამოცდილების შემდეგ და ეპიდემიური სურათის გათვალისწინებით შეიძლება უკვე ვიმსჯელოთ სხვა უფრო გაფართოებულ მოდელებზე, რასაც ევროპის ქვეყნები დღეს იყენებენ სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენგან განსხვავებით ევროპის ქვეყნებში "მწვანე საშვის" აქტიური მოქმედება არის საგანმანათლებლო-საუნივერსიტეტო სივრცეებში, ჩვენთანაც მოქმედებს კონფერენციებზე, ტრენინგებზე დასწრების ნაწილში, ასევე სპორტულ ღონისძიებებზე მონაწილეობის ნაწილში. ვნახოთ, სამომავლოდ, 1-ელი დეკემბრის შემდეგ, როდესაც შედეგი გვექნება, რა თქმა უნდა მხარს დავუჭერთ კიდევ უფრო მეტად გაფართოების ინიციატივას, ბუნებრივია ეთიკური და ადმინისტრირების წესის გათვალიწინებით", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე, სადაც დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ აღნიშნა, რომ "მწვანე ბარათის" შემოღება მისასალმებელია, თუმცა ასეთი ფორმა საკმარისი არ არის და უფრო მკაცრი მიდგომებია საჭირო. 

ინფორმაციისთვის, საქართველოში "მწვანე ბარათი"დეკემბრიდან ამოქმედდება.  ე.წ. მწვანე სტატუსი ექნება პირს, თუ ის ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს ბოლო 72 საათის განმავლობაში პისიარ ტესტი, ან ბოლო 24 საათის განმავლობაში სწრაფი ტესტი, ან გადატანი აქვს კორონავირუსი. განსაზღვრულია კონკრეტული ადგილები, სადაც მოქალაქეები "მწვანე ბარათის" გარეშე ვერ შევლენ.