დავით სერგეენკო: ფასის კლების დევნაში მედიკამენტის ხარისხი არ უნდა დაიკარგოს
დეპუტატის დავით სერგეენკოს განცხადებით, მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა მედიკამენტების რეგისტრაციაზე ე.წ. ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებასთან დაკავშირებით.
დეპუტატს მიაჩნია, რომ ამის ფონზე ხარისხის კონტროლის თამასამ უნდა აიწიოს.
"მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის საკითხი ყველაზე დიდი გამოწვევაა ჯანდაცვაში. ახლა გადაფარულია პანდემიით. რეალურად ეს პრობლემა უფრო გამძაფრდა, ვიდრე იყო წინა წლებში, რადგან პანდემიამ კიდევ უფრო გააუარესა ჩვენთანაც და გლობალურად, ამ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა. ეს გაუარესება ჯერადობით არის გამოხატული.
საქართველოს მთავრობამ აიყვანა მაღალ პრიორიტეტში ეს საკითხი და კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, რომელიც შეგვიძლია მთლიანობაში შევაფასოთ ასე - შემცირება დაიწყო ე.წ. ბიუროკტატიულმა ბარიერებმა რეგისტრაციაზე. წამალი არ არის გამაგრილებელი სასმელი, ერთი არ მოგეწონოს და გადახვიდე მეორეზე. წამალს თავისი ძალიან მკაცრი ხარისხის კონტროლის სისტემა აქვს. რამდენადაც ჩამოდის ქვევით ბიუროკრატიული ზღურბლი, იმდენად მაღალი ხარისხის კონტროლის თამასა უნდა დახვდეს, იმისათვის რომ ქვეყანამ ფასების კლების დევნაში არ დაკარგოს ამ მედიკამენტის ხარისხი. აღიარებით ქვეყნებს ეს (კანონპროექტით გამოწვეული ცვლილებები) პრაქტიკულად არ შეეხებათ, მათ მიერ წარმოებული მედიკამენტი თავის თავში მოიცავს GMP-ის და ზედმეტი დადასტურება აღარ სჭირდება. აქცენტი და ყურადღება გადატანილი უნდა იყოს სხვა, არააღიარებითი ქვეყნების ხარისხზე, ნედლეულზე და მზა პროდუქციაზე, რომელიც შემოდის", - განაცხადა დავით სერგეენკომ სესიაზე, სადაც"წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ"კანონპროექტს განიხილავენ. საკანონმდებლო ცვლილებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია წარადგენს.
კანონპროექტის თანახმად, ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტიორებისთვის GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკა) სერტიფიკატი სავალდებულო გახდება.