საზოგადოება
11/02/2021

ბოხუას კლინიკის დირექტორი: დგება რისკი გაუარესდეს სამედიცინო მომსახურების ხარისხი

მთავრობის გადაწყვეტილება კლინიკებს არ დაუსუბსიდირდეთ ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი, სამედიცინო მომსახურების ხარისხს გააუარესებს.

როგორც ნ. ბოხუას სახელობის საქართველოს ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრის დირექტორი კოტე ყიფიანი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, ელექტროენერგიის წილი სამედიცინო მომსახურების ტარიფში საკმაოდ დიდია, შესაბამისად, ეფექტი ნეგატიური იქნება.

მისი განცხადებით, ნაკლებ სავარაუდოა მოხდეს მომსახურების გაძვირება, თუმცა, სამედიცინო დაწესებულებების მიერ გაკეთდება ეკონომია და აქცენტი შედარებით დაბალფასიან პროდუქციაზე გაკეთდება.

„ფასებს ვერ გავზრდით, ეს ხომ არ არის ავეჯი, ეს არის ადამიანის ჯანმრთელობა. ეს განსაკუთრებული ბიზნესია. ჩვენც გამოუვალ მდომარეობაში ვართ, გვიჭირს, ეს ყველაფერი სამწუხაროდ ხარისხზე აისახება. ის კომფორტი, რომელიც პაციენტებს ჰქონდათ, აღარ ექნებათ. საუბარი არ მაქვს სამედიცინო თვალსაზრისით. იქნება შემოტანილი იაფფასიანი პროდუქცია, მაგალითად, სამედიცინო ხელთათმანები და ასე შემდეგ, შემოვიტანთ ჩინეთიდან. ასეთი პროდუქციის ხარისხი კი კრიტიკას ვერ უძლებს, სხვა რა ვქნათ? ხომ არ გავაჩერებთ მუშაობას? წამლები შემოვა იაფფასიანი“, - აცხადებს ყიფიანი.

აღსანიშნავია, რომ დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ კლინიკებს ელექტროენერგიის ტარიფი არ დაუსუბსიდირდებათ. მისი ინფორმაციით, სუბსიდირება მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში კლინიკების მომსახურების არსებულ ტარიფებს შეეხება.

შეგახსენებთ, თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფი 2021 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. 

კომერციული სექტორის ტარიფი დაახლოებით 11 თეთრით გაიზარდა. რაც შეეხება სუბსიდირებას, მთავრობა  2021 წლის განმავლობაში კომპანიებს, რომლებიც საკვებ პროდუქტს აწარმოებენ, ელექტროენერგიის ძველ და ახალ ფასს შორის სხვაობას 50%-ით უსუბსიდირებს.

ელექტროენერგიის კომერციული ტარიფის გაზრდის ფონზე, კლინიკები, გაზრდილი ტარიფის სუბსიდირებას ითხოვდნენ.