ფინანსები
16/02/2022

₾300 მლნ-მდე დარიცხული სარგებელი - საპენსიო ფონდი ჯერ კიდევ შეზღუდული ინვესტირებით

საპენსიო სააგენტო საპენსიო ფონდში მონაწილეების დანაზოგების ღირებულების ზრდაზე აცხადებს. 

ფონდის მთლიანი მოცულობა ამ დროისთვის ₾2.1 მლრდ-მდეა, დარიცხული სარგებელი კი ₾292 მლნ ლარია. მიმდინარე წლიური მომგებიანობა 11.6%-ია, თუმცა ფონდის გაშვების დღიდან 33%-ს აღწევს. 

პორტფელის 36% ცვალებად საპროცენტო განაკვეთში (მიმდინარე სარგებლიანი ანგარიშები), ხოლო 64% ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთში (სადეპოზიტო სერთიფიკატები) 100% ლარში, 9 კომერციულ ბანკშია განთავსებული.

საპენსიო სქემას 1 250 000 მონაწილე ჰყავს, დაგროვებითი პენსიით უკვე ისარგებლა 1 524-მა ადამიანმა.

როგორც იცით, საპენსიო ფონდი დანაზოგების საერთაშორისო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებაზე მზაობას აცხადებს, გაცხადებულია, რომ მზად არის ადგილობრივ ბაზარზე ყველა განთავსებაში მონაწილეობისთვის, მათ შორის Covered Bond-ში. 

უნდა ითქვას, რომ ამ დრომდე მსგავსი ინვესტირება არ განხორციელებულა, ამ დროისთვის გაჭიანურებულია დაანონსებული პირველი ტრანზაქციაც, რომელიც "ნიკორა ტრეიდის" ობლიგაციებს უკავშირდებოდა.

„გვაინტერესებს ყველა ემისია კორპორაციული ბონდების რაც ქართულ ბაზარზე მოხდება და რომელიც შეესაბამება ჩვენს საინვესტიციო მანდატი. ფიქსირებული შემოსავლების ინსტუმენტებში სჯობს ლარში ინვესტირება, აქციებში კი უცხოურ ვალუტაში“,- განაცხადა გოგა მელიქიძემ "ბიზნესპარტნიორთან".