ენერგეტიკა
27/09/2021

ნათია თურნავა ნამახვანჰესზე: ყველაფერს ვაკეთებთ, არბიტრაჟამდე საქმე არ მივიდეს

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით საქმე არბიტრაჟამდე არ მივიდეს.

"ვინაიდან დღეს არის ასეთი ვითარება, რომ საერთაშორისო არბიტრაჟის რისკი დგას, თავს შევიკავებ დეტალებზე საუბრისგან ამ საკითხზე, რადგან შესაძლო დავის შემთხვევაში ჩვენი პოზიციები არ დავაზიანოთ. თუმცა, იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავამდე საქმე არ მივიდეს. ისევ მოლაპარაკებით და კომუნიკაციით გადაწყდეს ეს საკითხი", - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

ნათია თურნავა ამბობს, რომ ქვეყნისთვის "ნამახვანჰესის" პროექტი მნიშვნელოვანია. 

მისი თქმით, პროექტი აუცილებლად უნდა განხორციელდეს, შესაძლოა, უკეთესი პირობებითაც. 

"ჩვენ ისევ ვადასტურებთ, რამდენად მნიშვნელოვანია "ნამახვანის" პროექტი და ზოგადად ქართული ენერგეტიკა, ენერგოდამოუკიდებლობა, ენერგოუსაფრთხოება. ეს პროექტი უნდა განხორციელდეს. შეიძლება განხორციელდეს უკეთესი პირობებით, რადგან ყოველთვის შეიძლება პირობების გაუმჯობესება. ფაქტია ჩვენი წინა კომუნიკაცია ინვესტორთან, რომელიც თვეების განმავლობაში მიდიოდა, სადაც ჩართული იყო ევროკავშირის მედიაცია, სხვადასხვა პლატფორმა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები, იქითკენ იყო მიმართული, რომ უფრო მეტად განხორციელებადი გამხდარიყო ეს პროექტი. 

ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ არბიტრაჟში ENKA-სთან არ აღმოვჩნდებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოლაპარაკებით მოგვარდეს ეს საკითხი. თვითონ კომპანია ENKA-ც არაერთხელ ადასტურებდა, რომ ისინი არიან ინვესტორები და მშენებლები, მათი ამოცანაა აშენება და არა სასამართლოში სიარული. ამ მიმართულებით ვართ ჩვენც. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ურთიერთშეთანხმებით მოხდეს ამ პროექტის გაგრძელება", - აცხადებს ნათია თურნავა. 

მინისტრის განცხადებით, მიუღებელია "ანაკლიის" და "ნამახვანჰესის" პროექტების შედარება. 

"ეს პარალელი უადგილოა. "ანაკლია", ეს ის პროექტია, სადაც ინვესტორმა ვალდებულებები არ შეასრულა, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ რამდენჯერმე გადაუვადა ვალდებულება. დღეს ანაკლიის კონსორსციუმი 2 მლრდ-ზე მეტს ედავება სახელმწიფოს, რაც რამდენად სწორი და მორალურია, ეს კიდევ ცალკე საკითხია.

"ნამახვანთან" დაკავშირებით დავა ჯერჯერობით არ არის, თუმცა ყოველთვის არსებობს დავის ალბათობა და ამიტომ თავშეკავებული ვარ დღეს ჩემს კომენტარებში. თუმცა, ჩვენი მიმართებაა, რომ დავა არ იყოს, არამედ იყოს ურთიერთშეთანხმებით წინ სიარული, რაც აბსოლუტურად შესაძლებელია და ვფიქრობ, ინვესტორისთვისაც მისაღები უნდა იყოს, მათი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, რომელიც მე ძალიან კარგად ვიცი. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ პროექტი შედგეს, გაუმჯობესებული პირობებით, უფრო უსაფრთხოდ - ამაზე ვგრძნობთ პასუხისმგებლობას", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. 

შეგახსენებთ, რომ “ნამახვანჰესის“ ინვესტორი კომპანია ENKA Renewables-ი საქართველოს მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებას წყვეტს, შედეგად, ის $800 მილიონიან ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე უარს ამბობს. ეკონომიკის სამინისტრომ მოგვიანებით გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში სამინისტრო განაგრძობს კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან, რათა გამოინახოს სწორი და სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს არ დააზიანებს და ამავე დროს, პროექტთან დაკავშირებულ ყველა კითხვას საბოლოოდ მოხსნის.

Businesspartner