ენერგეტიკა
27/09/2021

მინისტრი: ENKA თუ არბიტრაჟში დავას გადაწყვეტს, სახელმწიფო ყველა შესაბამის ღონისძიებას გაატარებს

იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ ნამახვანჰესთან დაკავშირებით თუ ინვესტორი კომპანია ENKA დავას არბიტრაჟში დაიწყებს, სახელმწიფო თავის მხრივ ყველა შესაბამის ღონისძიებას გაატარებს.

რატი ბრეგაძე ჟურნალისტებთან განმარტავს, რომ ნებისმიერი კონტრაქტი შეიძლება, შეწყდეს, პირობები შეიცვალოს.

„კომპანია თუ გადაწყვეტს, რომ იდავოს არბიტრაჟში, მათი უფლებაა და თავისი მხრიდან სახელმწიფო ყველა შესაბამის ღონისძიებას გაატარებს. წინასწარ მთელ სტრატეგიას ვერ გავამხელთ. ნებისმიერი კონტრაქტი შეიძლება, შეწყდეს, პირობები შეიცვალოს და ეს არის ურთიერთობა მხარეებს შორის. 

როდესაც იცვლება პირობები, პირველ რიგში, მხარეები მორიგებას ცდილობენ, სხვა შემთხვევაში იწყება დავის პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს მხარეებისთვის მათ მიერ დანახული სამართლიანობის აღდგენას და იმ პირობებზე დაბრუნებას, რომელიც იქნებოდა კონტრაქტის დადებამდე. თითოეული მხარე ცდილობს, თავისთვის საუკეთესო სარგებელი მიიღოს.

არბიტრაჟი არის ალტერნატიული დავის საშუალება და როდესაც საქმე ეხება ე.წ. ბიზნესკონტრაქტებს, მხარეები ცდილობენ, ჩართონ საერთაშორისო არბიტრაჟები, აქ სახელმწიფო გამოდის წარმომადგენლად. თუ არ ვცდები, ამ ეტაპზე არის 12 საერთაშორისო დავა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მისივე განმარტებით, ხელშეკრულება კაბალური რომ ყოფილიყო, მთავრობა ამას არ დათანხმდებოდა.

შეგახსენებთ, რომ “ნამახვანჰესის“ ინვესტორი კომპანია ENKA Renewables-ი საქართველოს მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებას წყვეტს, შედეგად, ის $800 მილიონიან ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე უარს ამბობს. ეკონომიკის სამინისტრომ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში სამინისტრო განაგრძობს კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან, რათა გამოინახოს სწორი და სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს არ დააზიანებს და ამავე დროს, პროექტთან დაკავშირებულ ყველა კითხვას საბოლოოდ მოხსნის.

Businesspartner