ლაშა ხუციშვილი: იმედია, 1 თვიანი პერიოდი ENKA-სთან შეთანხმების მისაღწევად საკმარისი იქნება
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი იმედს გამოთქვამს, რომ 1 თვიანი პერიოდი, რომელიც ENKA-ს ხელშეკრულების შესაწყვეტად აქვს გაცხადებული, საკმარისი იქნება კომპანიასთან გარკვეული შეთანხმების მისაღწევად.
"სურვილია, შეთანხმება გულისხმობდეს იმას, რომ კომპანიამ გააგრძელოს პროექტი და ის განსაზღვრულ ვადებში დასრულდეს. რა თქმა უნდა პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ პროექტის განხორციელების პროცესი არ შეფერხდეს",- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ “ნამახვანჰესის“ ინვესტორი კომპანია ENKA Renewables-ი საქართველოს მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებას წყვეტს, შედეგად, ის $800 მილიონიან ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე უარს ამბობს. ეკონომიკის სამინისტრომ მოგვიანებით გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში სამინისტრო განაგრძობს კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან, რათა გამოინახოს სწორი და სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს არ დააზიანებს და ამავე დროს, პროექტთან დაკავშირებულ ყველა კითხვას საბოლოოდ მოხსნის.