ეკონომიკა
13/12/2021

TBC Capital-ი 2022 წლის ბოლოსთვის რეფინანსირების განაკვეთის 8.25%-მდე შემცირებას ელის

TBC Capital-ის მოლოდინებისგან განსხვავებით, 8 დეკემბერს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაკვეთი 0.5 პპ-ით 10.5%-მდე გაზარდა.

მიუხედავად ამისა, ბანკის მთავარი ეკონომისტი მიიჩნევს, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დროებითია და სამომავლოდ კვლავ შერბილების ციკლია მოსალოდნელი.

"ჩვენი პროგნოზის მიხედვით, 2022 წლის ბოლოს, რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-ს შეადგენს. ამასთან, ჩვენი აზრით, ტურიზმის შედარებით ნელი აღდგენა და რეგიონში გეოპოლიტიკური რისკების მატერიალიზება ლარის მაღალი განაკვეთების ხელშემწყობი ფაქტორებია."– ნათქვამია ეკონომისტის განახლებულ ანგარიშში.

შეგახსენებთ, რომ სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5%-ული პუნქტით 10.5%-მდე გაზარდა.

სებ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მაღალი ინფლაცია ბოლო პერიოდის მნიშვნელოვანი გამოწვევააა, როგორც საქართველოსთვის, ასევე სხვა, განვითარებადი და განვითარებული ქვეყნებისთვის და სანამ ინფლაცია არ შემცირდება, ეროვნული ბანკი მკაცრი პოლიტიკის მიმდევარი იქნება.

ნოემბერში ინფლაციამ 12.5% შეადგინა. სებ-ი ვარაუდობს, რომ დეკემბერ-იანვარ-თებერვალში ისევ მაღალი ინფლაცია იქნება და ის კლებას 2022 წლის მარტიდან დაიწყებს, თუმცა შესაძლოა უფრო ნაკლები ტემპით ვიდრე ამის მოლოდინი არსებობდა.

ინფორმაციისთვის, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2022 წლის 2 თებერვალს ჩატარდება.