ეკონომიკა
24/03/2022

კონსტანცა-ფოთის საბორნე გადასასვლელის პროექტს Pontos Maritime განახორციელებს 

კონსტანცასა და ფოთს შორის საბორნე გადასასვლელის პროექტს კომპანია Pontos Maritime განახორციელებს.

კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი პაატა დაიაური "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ კონსტანცასა და ფოთს შორის საბორნე მიმოსვლა ევროკავშირში და ბალკანეთის ქვეყნებში პირდაპირ მიმოსვლას და ვაჭრობას ხელს შეუწყობს.

"ამ პროექტით მნიშვნელოვანი მარშრუტი შეიქმნება, რომელიც 3 ძირითად ფაქტორს ეფუძნება, კერძოდ, იქნება უსაფრთხო, სახმელეთოზე ბევრად სწრაფი და უფრო იაფი. აქამდე ვმუშაობდით სხვადასხვა საკითხის მოგვარებაზე, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროსთან და ფაქტობრივად, ამ დროისთვის, ყველა ბარიერი მოგვარებულია. იმედი გვაქვს წლის ბოლოსთვის უკვე დავიწყებთ საბორნე მიმოსვლას.

პირდაპირი საბორნე გადასასვლელი შექმნის შესაძლებლობას გადაზიდვები უფრო კომფორტულად და სწრაფად განხორციელდეს, რადგან კონსტანცამდე ცურვას სჭირდება 40 საათი. საბორნე ტარიფი განისაზღვრება გრძივი მეტრის მიხედვით, ამიტომ შესაძლებელია მხოლოდ მისაბმელის გაშვებაც ადგილზე, მძღოლისა და სატვირთოს გარეშე, რომელსაც შემდეგ უკვე სხვა კომპანია წაიღებს. ვმუშაობთ მულტიმოდალურ ტრანსპორტზეც, რომ შესაძლებელი იყოს კონსტანცადან სხვადასხვა ტრანსპორტით, მატარებლით, ვაგონებით ამ მისაბმელების წაღება,"– აღნიშნავს პაატა დაიაური.

მისივე განცხადებით, რეგიონის სატრანსპორტო კომპანიები არ არიან კონკურენტუნარიანი მეზობელი ქვეყნების მიმართ, მიზეზი კი სწორედ ის არის, რომ დიდი დრო სჭრიდება სახმელეთო გზით ევროკავშირში ჩასვლა-ჩამოსვლას. შესაბამისად, აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ, კომპანიები გახდებიან უფრო კონკურენტუნარიანები, დანახარჯები შემცირდება, რაც ტარიფებზეც აისახება, გადაზიდვები კი უსაფრთხო და სტაბილური იქნება.

როგორც Pontos Maritime-ის დამფუძნებლი აღნიშნავს, პროექტს 2 პარტნიორი ყავს, ინსტიტუციონალური ფონდი და დიდი გამოცდილების მქონე სანაოსნო კომპანია, თუმცა ინვესტიციის მოცულობაზე და სხვა დეტალების გაჟღერებაზე პაატა დაიაური, ამ ეტაპზე თავს იკავებს.

საქართველო–რუმინეთს შორის არსებულ პერსპექტივებზე და საბორანე გადასასვლელი მნიშვნელობაზე გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" საქართველო-რუმინეთის სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრმა გიორგი კაჭარავამ ისაუბრა

მისი თქმით, იმისათვის, რომ კიდევ უფრო შევქმნათ პირობები ქართული პროდუქტის შეტანისთვის ევროპის ბაზარზე, მსგავსი ინფრასტრუქტურა უმნიშვნელოვანესია. 

სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, პონტოს მერითაიმ კონსალტინგი 2018 წლის ოქტომბერში შეიქმნა, კომპანიის 51%-იანი წილის მფლობელი პაატა დაიაურია, 49%-ს კი ლიეტუვას მოქალაქე, იურის გრაუდუმნიეკსია.