ეკონომიკა
12/11/2021

"ინფლაციის შესამცირებლად ბევრი ინსტრუმენტია, თუმცა მიზანშეწონილობა არ დაგვავიწყდეს"

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, ინფლაცია შემცირებას 2022 წლის გაზაფხულიდან დაიწყებს.

თუმცა, მისი თქმით, პანდემიიდან გამომდინარე სიტუაცია იმდენად გაურკვეველია, ინფლაცია, შესაძლოა, იმ ტემპით არ შემცირდეს, როგორი მოლოდინიც არსებობს. 

სებ-ის ვიცე პრეზიდენტის განმარტებით, ინფლაციაზე რეაგირებისთვის სხვადასხვა ინსტრუმენტები არსებობს, თუმცა გასათვალისწინებელია მიზანშეწონილობა, რადგან დამატებითი უარყოფითი ეკონომიკური შედეგები არ გამოიწვიოს. 

"ჩვენ რა თქმა უნდა მხოლოდ ერთი - საპროცენტო განაკვეთები არ გვაქვს. გვაქვს სხვა ინსტრუმენტებიც. ყველაზე ეფექტური და მოქნილია საპროცენტო განაკვეთი. ვაკვირდებით სიტუაციას. 9 დეკმებერს გვაქვს შემდეგი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა და თუ დავინახავთ მიზანშეწონილობას, რომ სხვა ინსტრუმენტების გამოვიყენოთ, მას გამოვიყენებთ", - აღნიშნა არჩილ მესტვირიშვილმა. 

მისი განცხადებით, თუ ინფლაცია მოლოდინებში გადავა, ამაზე დამატებითი რეაგირება მოხდება. 

"ინფლაციაზე რეაგირებისთვის საკმაოდ ბევრი ინსტრუმენტი გვაქვს, თუმცა მიზანშეწონილობაც არ უნდა დაგვავიწყდეს. ჩვენ არ უნდა გამოვიწვიოთ ის, რომ მკვეთრად შევამციროთ ინფლაცია, მოკლევადიან პერიოდში მოკლევადიანი შედეგი მივიღოთ. ამით გამოვიწვიოთ უმუშევრობის ზრდა, შიდა პროდუქტის მკვეთრი შემცირება, ამან უკვე შემდეგ ეტაპზე მოგვცეს მაღალი ინფლაცია და დამატებითი ეკონომიკური პრობლემები. 

ეს ძალიან რთული პერიოდია, ინფლაცია ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში და ძალიან მნიშვნელოვანია, ოქროს შუალედი დავიჭიროთ და სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ. 

მსგავსი პერიოდი გვქონდა 2011 წელს, მაშინ საკმაოდ მაღალი იყო ინფლაცია, თუმცა ამას შემდგომში ინფლაციის სწრაფი შემცირება და დეფლაციური პერიოდი მოჰყვა. დაახლოებით მსგავსი ხდება დღესაც საერთაშორისო ბაზრებზე, თუმცა ამას ემატება პანდემია, მისგან გამოწვეული დამატებითი ხაჯრები და კურსზე ზეწოლა", - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე. 

სხდომაზე "გირჩის" წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა ინფლაციასთან მიმართებაში ეროვნული ბანკი გააკრიტიკა.  

დეპუტატის თქმით, როდესაც სები გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკაზე საუბრობს, ფაქტია, რომ ამას შედეგი არ აქვს და ინფლაცია კლების ნაცვლად, იმატებს.