ფინანსები
12/11/2021

სანდრო რაქვიაშვილი სებ-ს: ინფლაციის შესამცირებლად უამრავი ინსტრუმენტია და არცერთს არ იყენებთ

"გირჩის" წევრი სანდრო რაქვიაშვილი გაზრდილ ინფლაციასთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკს აკრიტიკებს. 

დეპუტატის თქმით, როდესაც სები გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკაზე საუბრობს, ფაქტია, რომ ამას შედეგი არ აქვს და ინფლაცია კლების ნაცვლად, იმატებს. 

"წლებია მაღალი ინფლაცია გვაქვს და არ შეიძლება ეს ყოველთვის ერთჯერად ფაქტორზე იყოს მიბმული. თქვენი მონეტარული პოლიტიკის შედეგად 2 მლრდ ლარით მეტით გაიზარდა ფულის ფასი. როგორ შეიძლება იმის იგნორირება, რომ უამრავი ინსტრუმენტი გაგაჩნიათ და ფაქტობრივად არცერთს არ იყენებთ იმისათვის, რომ ინფლაცია შეამციროთ. თქვენ ამბობთ, რომ მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულია, მაგრამ არ არსებობს ასეთი მცნება - მკაცრი მონეტარული პოლიტიკა. სიმკაცრე ფასდება მიზანთან მიმართებით, თუ მიზანი მიღწეული არ არის და ინფლაცია იზრდება, ე.ი თქვენ სათანადოდ არ გაქვთ გამკაცრებული პოლიტიკა. მკაცრი პოლიტიკა ნიშნავს ისეთ პოლიტიკას, რომლის შედეგად ინფლაცია კლებულობს, ჩვენს შემთხვევაში იზრდება. არსად წერია, 10%- ეს არის მკაცრი და 5% - არ არის მკაცრი. რის საფუძველზე აკეთებთ დასკვნას, რომ მონეტარული პოლიტიკა არის მკაცრი?

არ აპირებთ სხვა ინსტრუმენტების გამოყენებას? საუბარია მათ შორის რეზერვებზე. თუნდაც დეფიციტის დროს კონვერტაციას რომ აკეთებთ ავტომატურად, თუნდაც ამის წესი შეცვალოთ და გაყიდოთ ვალუტა ბირჟაზე. ფულის მასა შემცირდება. დარწმუნებული ვარ, გავლენას იქონიებს ინფლაციაზე. თქვენივე მონეტარული პოლიტიკის დოკუმენტში, სადაც აღწერილია მოდელი, რომლის საფუძველზეც აკეთებთ პროგნოზს, პირდაპირ წერთ, რომ თქვენ შეგიძლიათ გავლენა იქონიოთ მოკლევადიან პერიოდში ინფლაციაზე. შეგიძლიათ და არ აკეთებთ. მაინტერესებს, საბოლოო ჯამში რატომ არ დგამთ ნაბიჯებს, რომ შეამციროთ ინფლაცია და როგორ გამოდის ისე, რომ ერთჯერადი ფაქტორებით იხსნება უკვე წლებია მაღალი ინფლაცია?", - მიმართა სანდრო რაქვიაშვილმა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტს არჩილ მესტვირიშვილს პარლამენტის საკომიტეტო სხდომაზე.