გია ვოლსკი: რუსეთი იხდის და გადაიხდის როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ ფასს
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ვოლსკის შეფასებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, საგანგებო მნიშვნელობისაა.
„სტრასბურგის გადაწყვეტილება საგანგებო მნიშვნელობის რესურსია, რათა საქართველომ დაიცვას თავისი პოზიციები პარტნიორებთან ერთად, არა თუ დაიცვას, არამედ კიდევ ერთხელ მსოფლიოს წინაშე გამოჩნდეს, თუ რა რეალობასთან გვქონდა 2008 წელს საქმე. ამისთვის რუსეთი იხდის და გადაიხდის როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ ფასს. რა თქმა უნდა სტრასბურგის გადაწყვეტილება იქნება თუ არა რუსეთის მიერ შესრულებული, ეს მეორე საკითხია, ჩვენ არ მოველით, რომ მას ექნება კონსტრუქციული პოზიცია, თუმცა, ძალიან ძნელია გაუმკლავდე იმ არგუმენტს, რასაც ჰქვია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. ბრძოლა გრძელდება და ამ ბრძოლაში დამატებითი რესურსი სტრასბურგის გადაწყვეტილების სახით ჩვენს ხელშია“,- აღნიშნა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ 2008 წლის ომის საქმე მოიგო. სტრასბურგის სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.