Wine Diamond-ის ღვინის ქვის სამკაულები ესტონეთშიც იყიდება
Wine Diamond-ის სამკაულები ესტონეთშიც იყიდება.
კომპანიის დამფუძნებელი თამუნა აბულაძე "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ 2022 წელი კომპანიისთვის კარგად დაიწყო და ღვინის ქვისგან შექმნილი სამკაულები ესტონეთის ბაზარზეც გამოჩნდა.
"Wine Diamond-ის ხაზი წარმოდგენილია რესტორან Lendav Maaler-ში, სადაც იმართება მაღალი რანგის შეკრებები, ადამიანები ერთმანეთში ცვლიან კონტაქტებს და ა.შ. ამავდროულად მოლაპარაკებები გვაქვს საფრანგეთთან, აშშ-სთან და იტალიელ სომალიესთან, რომელთან ერთადაც გეგმაშია ერთობლივი პროექტის განხორციელება. როდის რა იქნება, პანდემიიდან გამომდინარე რთულია დავაკონკრეტო, თუმცა მაქსიმალურად ვეცდებით ყველა ეს გეგმა 2022 წელს განვახორციელოთ.
ჩვენი პროდუქცია უკვე იყიდება, როგორც საფრანგეთში, ასევე უკრაინაში, სადაც ოფიციალური წარმომადგენლობა გვაქვს და კიევის გარდა რამდენიმე ქალაქს კიდევ მოვიცავთ. ვგეგმავთ სარეალიზაციო ბაზრების გაფართოებას ევროპაში, ასევე გაზაფხულზე დაგეგმილი გაქვს აშშ-ში ექსპორტი. იქედან გამომდინარე, რომ ხელნაკეთი ნამუშევრები გვაქვს, სხვა ქვეყნებში მხოლოდ ათეულობით სამკაული იგზავნება, როგორც ექსკლუზივი. მოლოდინი დადებითი გვაქვს და ვფიქრობ, ახალი ბაზრების ათვისება გაყიდვების რაოდენობას საგრძნობლად გაზრდის, რაც თავისთავად ნიშნავს წარმოების ზრდას და მეტი ადამიანის დასაქმებას," – აღნიშნავს თამუნა აბულაძე.
მისივე შეფასებით, კომპანიისთვის 2021 წელი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, ბევრი ახალი პროდუქტი შეიქმნა და მონაწილეობა მიიღეს რამდენიმე პროექტში.
"ღვინის ქვის სამკაულების ხაზის მიმართულებით ბევრი კარგი სიახლე გვაქვს, მუდმივად იქმნება ახალი ნაკეთობები, ასევე დავამატეთ საავტორო ბეჭდები. ამ ეტაპზე, ვცდილობ რაც შეიძლება მეტი ღვინის ქვა მოვაგროვო მეღვინეებისგან, რომ ფერების უფრო ფართო არჩევანი შევთავაზოთ მომხმარებლებს. ვმუშაობთ ქვების დამუშავების ტექნოლოგიის განვითარებაზეც.
გასული წელი გამოირჩეოდა კომპანიის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლების კუთხით. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საქართველოში, მათ შორის მეღვინეებში, ასევე საზღვრებს გარეთ უკვე კარგად გვიცნობენ. ამ გზას 2022 წელსაც გავაგრძელებთ და მთავარი მიზანი ვიზიტები და საერთაშორისო ბაზრებისთვის ჩვენი პროდუქციის გაცნობა იქნება. გამომდინარე იქედან, რომ საკმაოდ უცხო პროდუქტს ვქმნით, მნიშვნელოვანია ადამიანებს შესაძლებლობა მივცეთ თავად ნახონ და შეეხონ ნამუშევრებს," – ამბობს Wine Diamond-ის დამფუძნებელი.
როგორც თამუნა აბულაძე ამბობს, ბრენდი მატერიალურის გარდა, არამატერიალური დოვლათის და სიკეთის მომტანი უნდა იყოს. ამიტომ, სამი მნიშვნელოვანი მისია აქვს.
"პირველი ეს არის, უკვდავება ვაჩუქოთ იმ წლის მოსავალს, რომლის ღვინის ქვაც იდება ჩვენს სამკაულში. ასევე, ონლაინ გაყიდული ნივთების ღირებულების 3% ყოველთვიურად გადავცეთ „ჰოსპისი ფერისცვალებას“, სადაც მარტოხელა და მძიმე სენით დაავადებულ მოხუცებულებს ეხმარებიან და მე–3 მთავარი მისიაა, მსოფლიოს გავაცნოთ საქართველო და ქართული ვაზი, რომელიც 500-დე ენდემურ ყურძნის ჯიშს და 8000 წლიან ისტორიას ითვლის," – აღნიშნავს თამუნა აბულაძე.