ბიზნესი
08/07/2021

Emocia Wines-მა ღვინის ქვის სამკაულების ხაზი შექმნა

სულ რამდენიმე კვირის წინ Emocia Wines-ს პრემიუმ ხაზი Wine Diamond-ი დაემატა, რომელიც უპრეცენდენტოა მსოფლიოში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, საფერავის და რქაწითელის ღვინის ქვებისგან დამზადებულ ვერცხლის სამკაულებს ანალოგი არ აქვს.

„ვამაყობ, რომ თვით მეღვინეობაც და ღვინის ბაზაზე შექმნილი სამკაულიც პირველად საქართველოში გაჩნდა. ბევრმა არც იცის რა არის ღვინის ქვა. ესაა პატარა კრისტალები, რომლებსაც ენოლოგები ტარტრატებს უწოდებენ, ღვინის მოყვარულები ღვინის ქვას, ზოგიერთი კი ღვინის ალმასებს - სინამდვილეში ღვინის მჟავას კალიუმის მარილებია.

ამ კრისტალების წარმოქმნა ხდება მაშინ, როდესაც ღვინის ტემპერატურა მკვეთრად ეცემა. რაც შეეხება ღვინის ქვის ფერს, ეს კრისტალები მას ღვინის პიგმენტისგან, ანტოციანებისგან იღებს. რა ფერის ღვინოცაა, იმ შეფერილობისაა ღვინის ქვაც. მაგალითად, რქაწითელის - მოყვითალოა, ხოლო საფერავის - მუქი იასამნისფერი. ღვინის ქვას არასდროს ვღებავთ. თუ გვინდა განსხვავებული ფერი მივიღოთ, მხოლოდ რამდენიმე სახეობის კრისტალს ვურევთ ერთმანეთში,“ – აღნიშნავს თამუნა აბულაძე.

ღვინის ქვის სხვადახვა სამკაულების გარდა, ბრენდი მომხმარებლებს ღვინის თემატიკით შექმნილ სხვადახვა აქსესუარს სთავაზობს. მათ შორის ყურძნის ბროშებს, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ადგილორივ მომხმარებელებში ასევე უცხოელ ტურისტებში.

„ყურძნის დაფა ჩვენი ბრენდის სავიზიტო ბარათია. მასზე განთავსებულია ათი განსხვავებული ფერის და ჯიშის ყურძენი, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული ვაზის ჯიშების ანალოგს წარმოადგენს. შეძენისას თითოეულ მათგანს თავის პასპორტი მოყვება, რომელშიც წერია, რომ ღვინის ქვეყანა ვართ და ასევე აღწერილია ეს კონკრეტული ჯიშის ყურძენი. პასპორტები 8 ენაზეა ნათარგმნი.

რამდენიმე დაფა უკვე გაემგზავრა საზღვარგარეთ, კანში და ასევე  მიდის ავსტრალიაში - სადაც ქართული ღვინის მუზეუმი იქმნება. წლის ბოლომდე უფრო მეტ ქვეყანას გავაცნობთ, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა. ყურძნის ბროშების გარდა აქ ნახავთ სამაჯურებს ღვინის თემატიკით და ასევე სუვენირებს მამაკაცებისთვის, როგორიცაა მაგიდაზე სადგამი გამჭვირვალე ქვევრი ყურძნით და თიხის ქვევრი, მასზე დაკიდებული მტევნით,“ – აღნიშნავს თამუნა აბულაძე.