ბიზნესი
29/03/2022

"Viber-ის შემოსვლა მნიშვნელოვანია ქვეყნის საინვესტიციო ეკოსისტემისა და ბიზნესისთვის"

Viber-ის გადაწყევტილება საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო ეკოსისტემისა და ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" განაცხადა.

ნადარეიშვილის თქმით Viber-ი საქართველოში თავისი ძირითადი პროდუქტების დეველოპმენტის თვალსაზრისით შემოდის, ეს არის iOS და Android-ის პლატფორმის ძირითადი მიმართულებები, რომელიც დღეიდან უკვე საქართველოში შემუშავდება და მიეწოდება გლობალურად Viber-ის რამდენიმე მილიარდ მომხმარებელს.

"რაც შეეხება მოტივაციას და იმას თუ რა შეთავაზებით გახდა Viber-ისთვის საქართველოს ბაზარი საინტერესო, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს პირველი უპირატესობა არის ბიზნესის კეთების სიმარტივე, რომელსაც ბევრი განზომილება აქვს, ხოლო ერთ-ერთი IT და ტექნოლოგიურ კომპანიებს შეეხება, ეს არის ის სპეციალური საგადასახადო რეჟიმი, რომელიც შარშან ამოქმედდა და საკმაოდ წარმატებით იზიდავს საერთაშორისო IT კომპანიებს. ძირითადი შეღავათები ეხება საგადასახადო რეჟიმს. მაგალითად, საშემოსავლო გადასახადი 20%-ია, მაგრამ 5%-ს ითვალისწინებს, რაც IT კომპანიების საოპერაციო ხარჯების უდიდეს წილს წარმოადგენს, ასევე ეხება ქონების გადასახადს და სხვადასხვა მიმართულებებს, რაც საბოლოო ჯამში მნიშვნელოვან განსხვავებას აძლევს IT ტექნოლოგიურ კომპანიას ისედაც საკმაოდ ლიბერალურ საგადასახადო გარემოსთან, რომელიც ქვეყანაში გვაქვს ჩამოყალიბებული," - აღნიშნავს ირაკლი ნადარეიშვილი.

საკომუნიკაციო კომპანია Rakuten Viber ოფისს თბილისში გახსნის, ადგილობრივ IT სპეციალისტებს დაასაქმებს და მობილური აპლიკაციების განვითარებაზე იმუშავებს.

"საქართველოში გვყავს ძალიან კვალიფიციური IT ინჟინრები სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა ამ ინიციატივამ, დღეის მდგომარეობით 32-ზე მეტი საერთაშორისო IT კომპანია გააჩინა საქართველოში, რამაც კვალიფიციურ კადრებში ბუნებრივად გამოიწვია საკმაოდ მაღალი კონკურენცია. ეს ერთი მხრივ პოზიტიური ფაქტია, მაგრამ ასევე გამოწვევაა ინდუსტრისთვის. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო არამხოლოდ გარემოს ქმნის, არამედ ინვესტირებას ახდენს ტალანტების მომზადებასა და IT სპეციალისტების გადამზადებაში," - აღნიშნავს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.

Viber ერთ-ერთი პოპულარული VoIP პლატფორმაა საქართველოში, მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ბაზით - ქვეყნის მთლიანი, 3,7-მილიონიანი მოსახლეობის 1,7-მილიონი აქტიური მომხმარებლით ყოველთვიურად.