Viber საქართველოში შემოდის
Rakuten Viber საქართველოში შემოდის და თბილისში ოფისს ხსნის.
ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, კერძო და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის სფეროში გლობალური ლიდერი კომპანია საქართველოში მობილური აპლიკაციების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.
„Rakuten Viber-ის საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება სხვა გლობალური ტექნოლოგიური გიგანტებისთვის, რათა მათ მიერ საქართველო განხილულ იქნას, როგორც მაღალპოტენციური მიმართულება მათი ბიზნესების გაფართოებისა და ახალი ინვესტიციების განხორციელების კუთხით“, - მიიჩნევენ ეკონომიკის სამინისტროში.
კომპანიას თბილისში ეყოლება თანამშრომლები, რომლებიც, სხვა მიმართულებებთან ერთად, იმუშავებენ iOS-ისა და Android-ის სისტემებზე თავსებადი პროგრამების დახვეწა-განვითარებასა და პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ამაღლებაზე. Rakuten Viber-ს მთელ მსოფლიოში 500 თანამშრომელი ჰყავს.
Viber ერთ-ერთი პოპულარული VoIP პლატფორმაა საქართველოში, მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ბაზით - ქვეყნის მთლიანი, 3,7-მილიონიანი მოსახლეობის 1,7-მილიონი აქტიური მომხმარებლით ყოველთვიურად.