თურქული მედიკამენტებისთვის ქართული ბაზარი იხსნება - რისკები და მოლოდინები
საქართველოში ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, თურქული მედიკამენტებისთვის ქართული ბაზარი გაიხსნის შესახებ მთავრობის განკარგულებას აფასებს.
ირაკლი მარგველაშვილის განმარტებით, არაერთი განცხადება გაკეთდა, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრის მხრიდან, თუმცა მნიშვნელოვანია უფრო კონკრეტულად იცოდნენ რას გულისხმობს მთავრობის დადგენილება. რაც შეეხება თურქეთის ბაზარს, არასდროს ყოფილა დაკეტილი საქართველოსთვის, უბრალოდ ახლა საუბარია თურქეთის "პარალელური იმპორტის" სიაში შეყვანაზე, რომ მედიკამენტების დარეგისტრირება და იმპორტი გამრტივდეს.
"ჩვენ მეზობელ თურქეთში გაცილებით ნაკლებია მედიკამენტების ფასი, თუმცა მნიშვნელოვანია თუ რატომ არის დაბალი ფასები და რას მოგვიტანს ეს ცვლილებები ჩვენ. დავიწყებ იქიდან, რომ თურქეთში წამლების ღირებულების 80–90%–ს სახელმწიფო აფინანსებს. მათ შორის, დევალვაციით გამოწვეულ რისკებს, რაც ნიშნავს, რომ მედიკამენტების იმპორტის დროს კომერციული კურსის ნაცვლად ფიქსირებული კურსი მოქმედებს და განსხვავებას ფარავს სახელმწიფო. ასევე, მოქმედებს ბრენდულ პრეპარატებს შორის აუცილებელი ფასთა სხვაობის წესი.
თურქეთიდან მედიკამენტების გამარტივებული იმპორტი მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში წამლების გაიაფებას რამდენად გამოიწვევს, ალბათ, ამაზე მსჯელობა საჭიროა. თუმცა, ამის პარალელურად მნიშვნელოვანია მოხდეს მთელი რიგი ღონისძიებები, იმ რისკების შესამცირებლად, რომელიც თან ახლავს თურქეთიდან უფრო მასშტაბურ იმპორტს. აქამდე რატომ არ იყო თურქეთი გამარტივებული იმპორტის ქვეყნებს სიაში? არ იყო იმიტომ, რომ ეს სია შეიქმნა საერთაშირისო სტანდარტების შესაბამისად და მოიცავდა მხოლოდ იმ ქვეყნებს, სადაც მედიკამენტების ხარისხის კონტროლი მაღალი სტანდარტებით ხორციელდება. სხვაგვარად რომ ვთქვა, თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანას უფრო მეტი რისკი აქვს, ვიდრე დანარჩენი ქვეყნებიდან, საიდანაც შეიძლება გამარტივებული წესით შემოტანა," – აღნიშნავს ირაკლი მარგველაშვილი.
როგორც ფარმაციის ასოციაციაში ამბობენ, როდესაც მედიკამენტებზეა საუბარი, ყველაზე სენსიტიურად მიაჩნიათ ხოლმე ფასი, თუმცა უპირველესია ხარისხი და უსაფრთხოება.
"ფასის დაწევამ არ უნდა გაზარდოს ხარსხობრივი კომპონენტის შემცირების რისკი, ამიტომაც არსებობს მთელი რიგი ღონიძიებები, რომლებიც შეიძლება დავნერგოთ და ეს უნდა მოხდეს ახლა, რომ ჯერ რისკები შემცირდებს და შემდეგ "გაიღოს კარი". ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახით შემოვა ეს რეგულაცია, უამრავი დეტალია გასათვალისწინებელი, თუნდაც ის, რომ ზოგიერთი მედიკამენტი თურქეთშიც ლიმიტირებულია და ექსპორტის საშუალება არ არის. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ჩავერთვებით იმ სამუშაო ჯგუფში, რომლის შექმნაც იგეგმება და მთავრობასთან ერთად ვიმსჯელებთ ამ საკითხზე,“ – აღნიშნავს ასოციაციის დირექტორი.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მედიკამენტებისთვის თურქეთის ბაზარის გაიხსნისშსესახებ შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოეწერა. ასევე, კანონპროექტის შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, სადაც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.