მედიკამენტების გასაიაფებლად სამუშაო ჯგუფი შეიქმნება
მედიკამენტების ფასის და ხარისხის კონტროლის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განხორციელდეს.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კანონპროექტის შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, სადაც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.
"კონკურენციის სააგენტომ დაასრულა მუშაობა ფარმაცევტული ბაზრის კვლევაზე, ჩაუტარდა მონიტორინგი. შესაბამისი რეკომენდაციები უკვე გაეგზავნა პარლამენტს, მთავრობას. მინდა ვთხოვო ჯანდაცვის მინისტრს, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, ეს ეთხოვოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების წარმომადგენლებს, რომ ერთობლივად დავიწყოთ მუშაობა, რადგან საჭირო იქნება რამდენიმე კანონში ცვლილების განხორციელება. ეს კიდევ უფრო გააიაფებს მედიკამენტებს. რაც მთავარია, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ერთის მხრივ მედიკამენტების ფასის მონიტორინგი, მეორეს მხრივ, ხარისხის კონტროლი. ჩვენს მოსახლეობას ხარისხიანი მედიკამენტი უნდა მიეწოდოს. ამ საკითხზე ჯანდაცვის მინისტრი დაიწყებს მუშაობას და შედეგი რამდენიმე კვირაში გვექნება", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.