ბიზნესი
18/08/2020

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს  მამაკაცის ყველაზე ძვირადღირებული მოდელი Tsikolia Seven-ი დაემატება. „ბიზნესპარტნიორთან“ ქვეყნის ყველაზე ცნობილი საათების დიზაინერი,  Tsikolia Watches-ის  დამფუძნებელი ზვიად ციკოლია ამბობს, რომ ამ დროისთვის უკვე შექმნილია მოდელის პროტოტიპი, თუმცა მისი წარმოება პანდემიის გამო გაჭიანურდა.

„ყველაფერი დამოკიდებულია როგორ განვითარდება მოვლენები, პანდემიამ შეგვაფერხა, გაგვიჭიანურა დროში პროექტის განხორციელება. წარმოება ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის მუშებზე, მომწოდებლებზე. ეს პანდემია კიდევ ყველაგანაა“, - აცხადებს ზვიად ციკოლია.

ცნობილი დიზაინერი აღნიშნავს, რომ Tsikolia Seven-ის ფასი 1000 დოლარის ფარგლებში იქნება. კითხვაზე, რამდენად გაამართლებს საქართველოში მსგავს საფასო სეგმენტში პროდუქციის წარმოება, ციკოლია აცხადებს, რომ მის ბრენდს თავისი მომხმარებელი და შემფასებელი ჰყავს.

ზვიად ციკოლია ცნობილი ქართველი სამრეწველო დიზაინერია, რომლის პორტფოლიოში მრავალი პროექტია. Tsikolia Watches-ი, ქართული საათების ბრენდია, რომელიც განსაკუთრებული დიზაინით შვეიცარიაში მზადდება და უკვე წლებია ბაზარზე საკუთარ ნიშას ინარჩუნებს.