ბიზნესი
18/07/2023

"2024 წლიდან 1 უნცია ოქროს ფასი, შესაძლოა, $1800-მდე შემცირდეს"

ოქროს ბირჟებზე ფასების ვარდნას ელიან. ანალიტიკოსების პროგნოზით, 2024 წლიდან 1 უნცია ოქროს ფასი, შესაძლოა, 1800 დოლარამდე შემცირდეს. ამ დროისთვის კი, ოქროს საერთაშორისო ბირჟებზე არასტაბილური ვითარება შეინიშნება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ რატი მესხიშვილმა - Galt & Taggart-ის უფროსმა ასოცირებულმა ბროკერმა განუცხადა, თუ  2-3 თვის წინ ოქროს ფასი, 1 უნციაზე დაახლოებით 2000 დოლარი იყო, ივნისში ოქროს ფასი თვიურად 2.2%-ით შემცირდა და 1900 დოლარამდე ჩამოვიდა, რაც გარკვეულწილად გამოწვეული იყო საერთაშორისო ბაზრებზე, კერძოდ ჩინეთში ფიზიკურ ოქროზე მოთხოვნის შემცირებით.

„ფასების ვარდნა ასევე განპირობებული იყო იმ პოლიტიკური, თუ ეკონომიკური ვითარებებით, რომლებიც წამყვან სახელმწიფოებში ფიქსირდება, ესენია შეერთებული შტატები, ევროპის ქვეყნები და ჩინეთი. აღსანიშნავია, რომ გაურკვევლობისა და მაღალი ინფლაციის პერიოდებში, ოქრო მიიჩნევა ყველაზე სანდო აქტივად, ამიტომ, მასზე ინვესტორების მხრიდან მაღალი მოთხოვნა მუდმივად ნარჩუნდება. ანალიტიკოსები ინვესტორების მხრიდან ოქროზე მოთხოვნის კიდევ უფრო ზრდას ელიან, რადგან ბევრი წამყვანი სახელმწიფო აპირებს, საპროცენტო განაკვეთების ზრდა გააგრძელოს, რადგან ჯერ  მაინც არ არის ინფლაცია იმ დონეზე, რა დონეზეც მათ უნდათ რომ იყოს. საპროცენტო განაკვეთების ზრდა, ავტომატურად ზრდის ოქროს ფასსაც. ექსპერტების ვარაუდით, ივნისში ოქროს ფასის შემცირების შემდეგ, მოსალოდნელია, რომ წლის ბოლომდე ოქროს ღირებულება კვლავ ზრდისკენ წავა, მეტიც, 2023 წლის ბოლოს შესაძლოა 2000 დოლარს მიუახლოვდეს, 2024 წლიდან კი ისინი მის 1900-1800 დოლარამდე ჩამოსვლას ელიან“, - განმარტა რატი მესხიშვილმა.  

მისივე თქმით, თუ 2024 წლიდან საერთაშორისო ბირჟებზე ფასების ვარდნა დაიწყება, ეს ასახვას ქართულ ბაზარზეც ჰპოვებს, თუმცა გრძელვადიან პერიოდში.

„ქართულ ბაზარზე ასე სწრაფად არ ისახება ხოლმე ოქროს ფასები. მიახლოებით, 1-2 კვირა მაინც სჭირდება ოქროს ფასს, რომ ის პროცენტული ცვლილებები ასახოს, რაც გლობალურ ბაზრებზე ხდება. ძირითადად, საქართველოში ოქროს მომწოდებლებს აქვთ მარაგები გაკეთებული, შესაბამისად, ასეთ ვოლატილობასაც არ განიცდის საქართველოში ოქროს ღირებულება. თუმცა, აღსანიშნავია ის, რომ თუ წლის ბოლომდე ოქროს ფასი გაიზარდა იმ 2000 ნიშნულამდე,  საქართველოშიც ოქროს ფასი გაძვირდება, როგორც კი ვარდნას დაიწყებს 2024 წელს საპროცენტო განაკვეთებთან ერთად, რამდენიმე კვირაში, ან 1 თვეში ჩვენც შეიძლება დავინახოთ ასახვა, რომ ოქროს ფასი ჩამოდის ქვემოთ“, - განმარტა რატი მესხიშვილმა.

ცნობისთვის, 2023 წლის განმავლობაში ოქროს ფასები უმეტესად 2000 დოლარის ფარგლებშია,  მაშინ, როცა 2022 წელს, ძირითადად, 1800 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. დღევანდელი მდგომარეობით კი, 1 უნცია ოქროს ღირებულება 1,954 დოლარს შეადგენს.

 

Businesspartner