ბიზნესი
27/03/2023

სამკერვალო კომპანია "ანაბეჭდი" აპრილში ახალ საწარმოს გახსნის

სამკერვალო კომპანია "ანაბეჭდი" აპრილში ახალ საწარმოს გახსნის. ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესი რუსთავი 2“-ს კომპანიის უფროსმა მენეჯერმა, გიორგი ბარნაბიშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, საწარმო სამტრედიაში გაიხსნება და  საწყის ეტაპზე 500 ახალი კადრს მიიღებს, გადაამზადებს და დაასაქმებს. 

„ჩვენ კადრების პრობლემა იმერეთის რეგიონში არ გვაქვს და ამ მხრივ გამონაკლისები ვართ.  გვაქვს დიდი ნუსხა იმ პოტენციური კადრების, რომლებიც ჩვენთან  ტრეინინგს გაივლიან, შეისწავლიან საქმიანობას და შემდეგ ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებენ.

ამ ეტაპზე დავასრულეთ მანქანა-დანადგარებით წარმოების აღჭურვა და ვიწყებთ უკვე თანამშრომლების მიღებას. სამომავლოდ,  დაგეგმილია სამტრედიის უახლოესი ქალაქებიდან  და რაიონიდან კადრისს დამატება.

კომპანიის გრძელვადიანი გეგმით აღნიშნულ ტერიტორიაზე 3-ჯერ უფრო მასშტაბური პროექტის განხორციელდება,"- აღნიშნავს ბარნაბიშვილი.

მისივე ინფორმაციით,  სამკერვალო კომპანია „ანაბეჭდი“ პროდუქციას ექსპორტზე  ევროპის 3 ქვეყანაში გაიტანს. მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და სამკერვალოს პროდუქცია ექსპორტზე იტალიის, გერმანიისა და ავსტრიის ბაზარზე გავა.

შეგახსენებთ, სამკერვალო „ანაბეჭდი“ ახალი საწარმოს გახსნას გასული წლის ზაფხულში გეგმავდა, თუმცა, პოსტ-პანდემიური პერიოდისა და რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად არსებული ლოგისტიკური პრობლემების გამო, გადადო. 

"ანაბეჭდი" 2013 წელს შეიქმნა. მისი ძირითადი საქმიანობის სფეროს B2B მიმართულებით (100-მდე განსხვავებული კატეგორიის) უნიფორმის, სპეც-ტანსაცმლისა და ბრენდული სამოსის წარმოება წარმოადგენს. ასევე, ქსოვილის შეღებვა სუბლიმაციურად და ლოგოების გადაყვანა სხვადასხვა მეთოდით. სამკერვალო ფაბრიკა ერთ სივრცეში აერთიანებს ისეთ სერვისებს, როგორიცაა დიზაინერის მომსახურება, კონსტრუირებითი სამუშაოები, ბრენდირება სხვადასხვა მეთოდით და კერვის მომსახურება - დანიშნულების ადგილამდე პროდუქციის ტრანსპორტირებით დასრულებული. წარმოება დაკომპლექტებულია წამყვანი ბრენდების მიერ ნაწარმოები უახლესი მანქანა-დანადგარებით.

 

Businesspartner