ბიზნესი
06/07/2022

სამკერვალო "ანაბეჭდი" ₾10 მლნ-ის ინვესტიციით სამტრედიაში ახალ საწარმოს გახსნის

სამკერვალო "ანაბეჭდი" ახალ საწარმოს სამტრედიაში 2022 წლის აგვისტოში გახსნის. პროექტის ფარგლებში იგეგმება 500 ახალი კადრის დასაქმება, რომელთა გადამზადებასაც "ანაბეჭდი" საკუთარი ძალებით, ობიექტზე გამოყოფილ სასწავლო სივრცეში მოახდენს.

როგორც კომპანიის უფროსი მენეჯერი გიორგი ბარნაბიშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, ახალი ობიექტი განკუთვნილია საექსპორტო ნაწარმისთვის, ამასთან შეიკერება ევროპული წარმოშობის საერთაშორისო ბრენდების სხვადასხვა მოდელი.

"სამტრედიაში არსებული საწარმოს ფართი "ანაბეჭდის" საკუთრებაა. ამ ეტაპზე მიმდინარეობას შიდა სარემონტო სამუშაოები და წარმოების მანქანა-დანადგარებით აღჭურვა. არსებული სამუშაო სივრცის სრული მოცულობა 3000 კვ.მ, ხოლო საერთო ფართი (მიწა), სადაც მომდევნო წლებშიც იგეგმება წარმოების სამუშაო სივრცის გაფართოება 20 000 კვ.მ-ია.

ჩვენს ძირითად მიმართულებას დაემატება უცხოური ბრენდული ტანისამოსის (ქურთუკები, პერანგები, შარვლები, მაისურები და სხვა) კერვა. რაც შეეხება კერძო შეკვეთებს, ანაბეჭდი გამომდინარე მისი მასშტაბებიდან, კვლავ რჩება მასიურ წარმოებად და მომსახურებას გაუწევს კორპორატიულ დამკვეთებს. რაც შეეხება საცალო გაყიდვებს, აღნიშნული პროექტის გაშვების პარალელურად ვგეგმავთ ქვეყნის დიდ ქალაქებში მაღაზიების გახსნას ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის, სადაც ისინი მზა ნაწარმის შეძენას ადგილზე შეძლებენ,"–ამბობს გიორგი ბარნაბიშვილი.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 10 მლნ ლარია, რომელიც არის კერძო და არ შედგება ინვესტირებული კაპიტალისგან. პროექტის განხორციელების მხარდაჭერას სესხის პროცენტის სუბსიდირების ნაწილში ახდენს პროგრამა "აწარმოე საქართველოში".

"ახალი საწარმო ხელს შეუწყობს სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი ახალი დამკვეთების მოძიებას, რაც ეკონომიკის გაძლიერებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ექსპორტის განვითარებასა და მიგრაციის შემცირებას გულისხმობს. აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ ჩვენი სამომავლო გეგმები ქვეყანაში არ არსებული სექტორის დაფუძნებას - ქსოვილების წარმოებას გულისხმობს, რომელიც იმპორტირებულ პროდუქტს ჩაანაცვლებს ადგილობრივი ნაწარმით.

რა თქმა უნდა, განვიხილავთ ტანსაცმლის ბრენდის შექმნას. ჩვენი ბრენდი სხვა, საერთაშორისო და ყველასთვის კარგად ცნობილი ბრენდების გვერდით შეიკერება და მოამარაგებს საქართველოს მოსახლეობას ხელმისაწვდომ ფასებად."–აცხადებს სამკერვალოს უფროსი მენეჯერი.

"ანაბეჭდი" არის ასევე ქსოვილების იმპორტიორი და ახდენს მის რეალიზებას ადგილობრივ ბაზარზე. ამით იგი ხელს უწყობს დარგის განვითარებას და ბაზარზე ახალი ხარისხის სტანდარტის დანერგვას, რასაც უპირველესად ნედლეულის წარმოშობა და ხარისხი განსაზღვრავს. კომპანია აქტიურადაა ჩართული პროფესიული მომზადების ცენტრის - კოლეჯი "მერმისის" პროგრამებში და ახდენს დაინტერესებული კანდიდატების პროფესიულ, პრაქტიკულ გადამზადებას.

"ანაბეჭდი" 2013 წელს შეიქმნა. მისი ძირითადი საქმიანობის სფეროს  B2B მიმართულებით (100-მდე განსხვავებული კატეგორიის) უნიფორმის, სპეც-ტანსაცმლისა და ბრენდული სამოსის წარმოება წარმოადგენს. ასევე, ქსოვილის შეღებვა სუბლიმაციურად და ლოგოების გადაყვანა სხვადასხვა მეთოდით. სამკერვალო ფაბრიკა ერთ სივრცეში აერთიანებს ისეთ სერვისებს, როგორიცაა დიზაინერის მომსახურება, კონსტრუირებითი სამუშაოები, ბრენდირება სხვადასხვა მეთოდით და კერვის მომსახურება - დანიშნულების ადგილამდე პროდუქციის ტრანსპორტირებით დასრულებული. წარმოება დაკომპლექტებულია წამყვანი ბრენდების მიერ ნაწარმოები უახლესი მანქანა-დანადგარებით.

2018 წლიდან "ანაბეჭდი" გახდა "აწარმოე საქართველოშის" ბენეფიციარი და აღიჭურვა თანამედროვე სპეც-დანადგარებით, რამაც კომპანიის ახალ ეტაპზე გადასვლას შეუწყო ხელი. მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდის, ახალი ტექნოლოგიებისა და ხარისხზე მაღალი მოთხოვნის წყალობით „ანაბეჭდმა“ შეძლო საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩინება და ახალი პარტნიორების მოძიება როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზარზე. სწორედ საერთაშორისო ბრენდებთან მიღწეული ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე ანაბეჭდი კვლავ დადგა გაფართოების საჭიროების წინაშე და 2021 წელს მეორედ მოიპოვა გრანტი "აწარმოე საქართველოში"–სგან. .

 

 

 

 

Businesspartner