ბიზნესი
03/06/2021

საბავშვო ბაღი "ალუბლები": იმედია, სუბსიდირებით ახლა მაინც ვისარგებლებთ და გადავრჩებით

ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრმა “ალუბლები“ საბაშვო ბაღებისთვის გამოცხადებულ სუბსიდირების პროგრამით ბაღმა პირველ ეტაპზე ვერ ისარგებლა. მიუხედავად ამისა, „ალუბლების“ დამფუძნებელი ნათია გურგენიძე იმედოვნებს, რომ მეორე ეტაპზე მაინც დააკმაყოფილებს ბაღი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“  მიერ გამოცხადებულ პირობებს.

„ჩვენი სექტორისთვის ეს დახმარება კარგი შეღავათია, რადგან გულისხმობს ბიზნეს სესხის პროცენტის 80%-ით დასუბსიდირებას. ყველას ჰქონდა ბიზნეს სესხი იქიდან გამომდინარე, რომ გაჩერებულები ვიყავით და გვჭირდებოდა ყველაფრისთვის თანხის მოძიება.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვერ გავრცელდა ჩვენზე  საშეღავათო პირობები არის ბანკის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებები, სადაც სესხის მიზნობრიობაში არ ჩაიწერა ის, რაც სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კრიტერიუმებს მოერგებოდა.

დაწესებული ფილტრით ვისაც სესხით ქონება არ ჰქონდა შეძენილი და კონკრეტული მიმართულება არ იყო განსაზღვრული, სუბსიდირებით ვერ ისარგებლა. მე რომ აღებული სესხით მოვაწყვე ეზოს ინფრასტრუქტურა, გავაკეთე რემონტი და  თანხის ნაწილი, რეგულაცოიებით გათვალისიწნებული შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით გამოვიყენე, საბანკო ხელშეკრულებაში არ ჩანს. ბიზნეს სესხის მიზნობრიობაში ეს განსაზღვრული არ იყო და ეს დახმარება ვერ მივიღე ისევე როგორც ჩვენი სექტორის 80%-მა,“ - აცხადებს გურგენიძე "ბიზნესპარტნიორთან".

მისივე განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ სუბსიდირების მეორე ეტაპზე, სექტორმა დაპირება მიიღო, რომ პირობები შერბილდება.

როგორც გურგენიძე აცხადებს, კერძო საბავშვო ბაღების სექტორზე შეღავათების გავრცელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წინააღმდეგ შემთხვევაში ბაზარზე საკმაოდ ბევრი ბაღი დაიხურება.

„თუ სუბსიდირება შეგვეხო, ეს ჩვენს პირველად ხარჯებს გადაფარავს და შეიძლება გადავრჩეთ. რაც შეეხება პანდემიის პირობებში ჩვენს მუშობას, მოთხოვნა არის, თუმცა არა მაღალი. ბაღში მობრუნდა დაახლოებით 60%,“ - აცხადებს გურგენიძე.

შეგახსენებთ, მთავრობა სპორტული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების ხელშეწყობისთვის სუბსიდირების მეორე ეტაპს იწყებს.მეორე ეტაპზე სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 2-დან 11 ივნისის ჩათვლით მიიღებს განაცხადებს.