სუბსიდირება სპორტული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების ხელშეწყობისთვის - როგორია მექანიზმი
მთავრობა სპორტული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების ხელშეწყობისთვის სუბსიდირების მეორე ეტაპს იწყებს.
განაცხადების მიღების მეორე ეტაპზე სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 2-დან 11 ივნისის ჩათვლით მიიღებს განაცხადებს.
პროგრამის მიზანია ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეებიდან გამომდინარე სპორტული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების სფეროში მოქმედი იმ მეწარმე სუბიექტების მიერ კომერციულ ბანკში/მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში/ლიზინგის გამცემთან აღებული/შეთანხმებული სესხების/მიკრო სესხების/სალიზინგო პროექტის სუბსიდირება, რომელთაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეეზღუდათ ოპერირების შესაძლებლობა და, შესაბამისად, შეუმცირდათ ოპერირებიდან მიღებული შემოსავალი.
პროგრამის პირობები:
პროგრამა მოიცავს სამ კომპონენტს:
სესხის თანადაფინანსების კომპონენტი
სალიზინგო პროექტის თანადაფინანსების კომპონენტი
მიკრო სესხის თანადაფინანსების კომპონენტი
აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს, 2020 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, მეწარმე სუბიექტის სესხის/ლიზინგის საგნის /მიკრო სესხის ძირის ნაშთზე მომდევნო 6 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას, რომელიც დაითვლება ამ სესხზე/ლიზინგის საგნზე /მიკრო სესხზე 1 დეკემბრის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით.
არაუმეტეს 80 (ოთხმოცი) პროცენტის ოდენობით, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში;
არაუმეტეს 70 (სამოცდაათი) პროცენტის ოდენობით, უცხოურ ვალუტაში (მხოლოდ დოლარი, ევრო) გაცემული სესხის შემთხვევაში;
თანადაფინანსების თანხის გამოყენება შესაძლებელია როგორც აღნიშნული სესხის/ლიზინგის საგნის/მიკრო სესხის 2020 წლის 1 დეკემბრამდე წარმოშობილი ვალდებულებების, ასევე 2020 წლის 1 დეკემბრის შემდგომ გადასახდელი ვალდებულების (სესხის/სალიზინგო პროექტის/მიკრო სესხის ძირი და დარიცხული საპროცენტო სარგებელი) დასაფარად.
ამ პროგრამის მიზნებისათვის, პროგრამაში ჩართვის მსურველი, მიმართვის წარდგენის მომენტისათვის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის, აგრეთვე სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისა), რომელიც საქმიანობას ახორციელებს სპორტული ობიექტის/საბავშვო ბაღის სფეროში და კომერციულ ბანკთან/ლიზინგის გამცემთან/მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან გაფორმებული აქვს სესხის/ლიზინგის/მიკრო სესხის ხელშეკრულება და საბანკო/სალიზინგო/მიკრო მიმართვის წარდგენის მომენტისათვის არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება (გარდა იმ შემთხვევისა თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე) ან/და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. ამასთან, ამ პროგრამის ფარგლებში მეწარმე სუბიექტად ჩაითვლება მიმართვის წარმდგენი ფიზიკური პირ(ებ)იც თუ მის/მათ მიერ სპორტული ობიექტების/საბავშვო ბაღების მიმართულებით კომერციულ ბანკთან/ლიზინგის გამცემთან/მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან გაფორმებულია სესხის/ლიზინგის/მიკრო სესხის ხელშეკრულება/ხელშეკრულებები, ხოლო სპორტული ობიექტის/საბავშვო ბაღის ოპერირებას ახორციელებს ამ პირ(ებ)ის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო, რომელიც თავის მხრივ ხსენებული კანონის შესაბამისად რეგისტრირებულია მეწარმე იურიდიულ პირად და მიმართვის წარდგენის მომენტისათვის დამფუძნებელს/დამფუძნებლებს და მის/მათ მიერ დაფუძნებულ მეწარმე იურიდიულ პირს არ გააჩნიათ საგადასახადო დავალიანება (გარდა იმ შემთხვევისა თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე) ან/და არ არიან რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
მეწარმე სუბიექტზე გაცემული სესხის/სალიზინგო პროექტის/მიკრო სესხის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტის/დოკუმენტების შესაბამისად უნდა ირკვეოდეს, რომ სესხის/სალიზინგო პროექტის/მიკრო სესხის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია მეწარმე სუბიექტის მიერ შესაბამისი სპორტული ობიექტის/საბავშვო ბაღის საქმიანობისთვის საჭირო ძირითადი საშუალების შეძენის მიზნობრიობით;
პროგრამის ფარგლებში დასაშვებია ისეთი სალიზინგო პროექტის დაფინანსება, რომელიც ხორციელდება უკულიზინგის წესით. ამასთან, დაიშვება მხოლოდ და მხოლოდ იმგვარი უკულიზინგის პროექტის დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც მეწარმე სუბიექტის მიერ ლიზინგის გამცემისათვის ხდება სპორტული ობიექტის/საბავშვო ბაღისათვის საჭირო ძირითადი საშუალების მიყიდვა საზღაურის სანაცვლოდ, რომლის არანაკლებ 80 %-სა კვლავ მიმართულ იქნა იმავე მეწარმე სუბიექტის სპორტული ობიექტის/საბავშვო ბაღის საქმიანობისთვის საჭირო ძირითადი საშუალებების მიზნობრიობით. უკულიზინგის შედეგად მიღებული საზღაურის მიზნობრივად გამოყენების დადასტურების ვალდებულება ეკისრება ლიზინგის გამცემს“.
პროგრამა არის ერთჯერადი ხასიათის და ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, შეგიძლიათ შეავსოთ განაცხადის ფორმა:
განაცხადების მიღება გაგრძელდება 11 ივნისის ჩათვლით.