პარლამენტმა მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ ახალი კანონი მიიღო
პარლამენტმა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა და კენჭისყრის შედეგად 79 ხმით მიიღო.
„ეს გახლავთ საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ძალიან მნიშნელოვანი კომპონენტი. კანონის მიღებას აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა, როგორც ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესში ევროკავშირის საკანონმდებლო ჩარჩოსთან და ეს შეფასდება აუცილებლად ძალიან დიდ პროგრესად“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო იობაშვილმა.
ახალი კანონით გარდა იმისა, რომ მომხმარებლის უფლებების დაცვის ზოგადი პრინციპებია განსაზღვრული, ასევე წესრიგდება სამომხმარებლო ხელშეკრულებებთან დაკავშირებული გარანტიები, დგინდება პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები, საგარანტიო ვადები და მომსახურებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევის შედეგები. კანონით დგინდება, ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგო, უსამართლო კომერციული საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები და დგინდება მომხმარებლის უფლებების დაცვის ინსტიტუციური გარანტიები.
კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელ უწყებად საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო განისაზღვრება.