ნაბიჯი ევროსტანდარტებისკენ - რას გულისხმობს მომხმარებლის უფლებათა დაცვის კანონპროექტი
პარლამენტი "მომხმარებლის უფლებათა დაცვის შესახებ" კანონპროექტს განიხილავს. როგორც პროექტის ინიციატორები ამბობენ, მოქმედი კანონმდებლობა ევროკავშირის თანამედროვე კანონმდებლობის სტანდარტებს ჩამორჩება.
როგორც განმარტებით ბარათში წერია, კანონპროექტის მიღებით, ქართველი მოვაჭრეები დროთა განმავლობაში გადავლენ ევროპულ სტანდარტზე, აღნიშნული კი, თავის მხრივ, მოვაჭრეებს შორის კონკურენციის ზრდასა და ქართული სამომხმარებლო ბაზრის განვითარებას ხელს შეუწყობს. მოვაჭრისთვის მომხმარებლის სათანადოდ ინფორმირების ვალდებულების დაკისრებით, მოხდება მომხმარებლის უპირატესად ეკონომიკური ინტერესების დაცვა. მას შესაძლებლობა ექნება მიიღოს კარგად ინფორმირებული გადაწყვეტილება, რაც მას თავის მხრივ, კარგად ინფორმირებული, სათანადო არჩევანის გაკეთების საშუალებას მისცემს და დაიცავს მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებისგან. შედეგად, შემცირდება ყალბი და უხარისხო საქონელი ბაზარზე.
კანონპროექტით განსაზღვრულია მომხმარებლის ზოგადი უფლებები. ავტორების განმარტებით მომხმარებლის ფულებების დაცვა არ მოხდება მოვაჭრის ინტერესების დაკნინების ხარჯზე. დაცული იქნება მოვაჭრის უფლებებიც.
კანონის პროექტით განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მომხმარებლისთვის პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
მომხმარებელს უფლება ექნება მიიღოს, ხოლო მოვაჭრე ვალდებული იქნება გასცეს ინფორმაცია პროდუქტის დასახელების, მოვაჭრის ვინაობის, პრეტენზიის განხილვის პირობების, პროდუქტის დამზადების თარიღის, ვარგისიანობის, პროდუქტის სრული ფასის, გადახდის, მიწოდებისა და საგარანტიო პირობების, პროდუქტის გამოყენების წესების, ხელშეკრულების ვადის, ციფრული შინაარსის ფუნქციური მახასიათებლებისა და მისი დაცვის, ტექნიკური პასპორტისა და შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის შესახებ. ხოლო ინფორმაციის გაცემის მთავარი პრინციპი იქნება, რომ ის იყოს მკაფიო და გასაგები.
კანონპროექტით განსაზღვრულია პროდუქტის გასაყიდი და ერთეული ფასი და მოვაჭრის ვალდებულებები ფასის მითითებისას.
მოვაჭრე ვალდებული იქნება მკაფიო და გასაგები ფორმით უზრუნველყოს საქონელსა და მომსახურებაზე გასაყიდი და ერთეული ფასის მითითება. ერთეული ფასის მითითება არ იქნება აუცილებელი, თუ ის გასაყიდი ფასის იდენტურია.
ფასის მითითება არ იქნება აუცილებელი, თუ:
- საქონლის მიწოდება მომსახურების ნაწილია;
- საქონელი იყიდება საჯარო აუქციონზე;
- გასაყიდად წარმოდგენილია ხელოვნების ნიმუში ან ანტიკვარული ნივთი.
რეკლამაში, სადაც მითითებული იქნება საქონლის ან მომსახურების გასაყიდი ფასი,
ასევე, უნდა მიეთითოს ერთეულის ფასი.
კანონპროეტით რეგულირდება სარეწს გარეთ დადებულ და დისტანციურ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული ინფორმირების ვალდებულებები და ხელშეკრულებაზე უარის თქმის წესი და შედეგები, ასევე, გამონაკლისი ხელშეკრულებები, რომლებზეც უარის თქმის უფლება არ ვრცელდება.
ხელშეკრულების დისტანციურად და ქუჩაში დადების დროს, მოვაჭრემ მომხმარებელს დამატებით უნდა მიაწოდოს ინფორმაცია კომუნიკაციის ხარჯების, საჩივრით მიმართვის უფლების, ვალდებულებების შესრულების მინიმალური ვადის და ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, პროდუქტის უკან დაბრუნებისთვის საჭირო ხარჯების დაფარვის შესახებ. კანონპროექტის მიხედვით, ხელშეკრულების შესაბამისი პროდუქტის მიღების დროს, მომხმარებელს უფლება ექნება, პროდუქტის მფლობელობაში მიღებიდან 14 დღის განმავლობაში ყოველგვარი საფუძვლის გარეშე უარი თქვას ხელშეკრულებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მომსახურება გაწეულია სრულად, პროდუქტი დამზადებულია ინდივიდუალური შეკვეთით, მიწოდებულია მალფუჭებადი პროდუქტი, დარღვეულია ჰერმეტულობა ან პროდუქტი განუყოფლად შეერწყა სხვა პროდუქტს, მომხმარებლისთვის მიწოდებულია ჟურნალ-გაზეთები, ხელშეკრულება დადებულია საჯარო აუქციონის შედეგად, საქონელს დაკარგული აქვს სასაქონლო სახე და ა. შ.
კანონპროექტი აწესრიგებს სამომხმარებლო ნასყიდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ გარანტიებს, კერძოდ, რა შემთხვევაში ჩაითვლება ან არ ჩაითვლება პროდუქტი ხელშეკრულების შესაბამისად, მოვაჭრისა და მომხმარებლის უფლებებს და პასუხისმგებლობას, ასევე, ადგენს პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებებს, საგარანტიო ვადებს, მომსახურებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევის შედეგებს.
კანონის პროექტი განსაზღვრავს მომხმარებლის უფლებებს შეძენილი საქონლის
ხელშეკრულებასთან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში და მოვაჭრის უფლებას, უარი თქვას ნაკლის გამოსწორებასა და საქონლის შეცვლაზე თუ ეს შეუსაბამოდ დიდხარჯებთან არის დაკავშირებული. პროექტში მოცემულია მომსახურების
გაწევისა და საგარანტიო პირობები და მომსახურებაში ნაკლოვანებათა აღმოჩენის
შემთხვევაში მომხმარებლის უფლებები და ვადები.
პროექტი განსაზღვრავს ხელშეკრულების უსამართლო სტანდარტულ პირობებს, ასეთი პირობების ბათილობის წესს და მტკიცების ტვირთს.
მტკიცების ტვირთი, წარმოადგენდა თუ არა ხელშეკრულების სტანდარტული პირობა მხარეთა ინდივიდუალური მოლაპარაკების საგანს, ეკისრება მოვაჭრეს, ხოლო ხელშეკრულების ბუნდოვანი პირობები განიმარტება მომხმარებლის სასარგებლოდ.
კანონპროექტით განსაზღვრულია ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგო, უსამართლო სავაჭრო პრაქტიკის აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები. მოცემულია დებულებები, რომელიც ადგენს უსამართლო სავაჭრო პრაქტიკის სახეებს, კერძოდ შეცდომაში შემყვან და აგრესიულ სავაჭრო პრაქტიკას.
მაგალითად, კანონპროექტით აგრესიულ კომერციულ საქმიანობას შორისაა: შთაბეჭდილების შექმნა, რომ მომხმარებელი ვერ შეძლებს სარეწის ტერიტორიის დატოვებას, სანამ არ გააფორმებს ხელშეკრულებას; მომხმარებლისთვის სისტემატურად არასასურველი შეთავაზებების გაკეთება ტელეფონით, ან სხვა დისტანციური კომუნიკაციის საშუალებით; რეკლამაში ბავშვის მიმართ პირდაპირი მოწოდების გაკეთება შეიძინოს რეკლამირებული საქონელი ან მომსახურება ან დაარწმუნოს მშობლები ან სხვა სრულწლოვანი პირები შეიძინონ მისთვის რეკლამირებული საქონელი ან მომსახურება; მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის ისეთი საქონლის ან მომსახურების მიწოდება, რომელიც მას არ შეუკვეთავს და ამისთვის საქონლის ან მომსახურების საფასურის მთლიანად ან ნაწილ-ნაწილ ანაზღაურების მოთხოვნა ან მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის მისი შეკვეთისგან განსხვავებული საქონლის ან მომსახურების მიწოდება ამ საქონლის ან მომსახურების მოვაჭრის ხარჯით, პირვანდელი მდგომარეობით დაბრუნების შესაძლებლობის გარეშე.
კანონპროექტით განისაზღვრება აღმასრულებლის - კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილებები.
როგორც ინიციატორები განმარტავენ, იქიდან გამომდინარე, რომ სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილება მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით უნდა იყოს პირველ რიგში პრევენციული და არა სადამსჯელო ხასიათის, კანონპროექტის მიხედვით სანქცია იქნება ორსაფეხურიანი. იგი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში გააფრთხილებს მოვაჭრეს და მისცემს ვადას დარღვევის აღმოფხვრისთვის. მხოლოდ სააგენტოს მოთხოვნისა და მითითებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სააგენტოს ექნება მოვაჭრის დაჯარიმების უფლება.
როგორც განმარტებით ბარათში წერია, კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვანი იქნება განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის, რომლებიც, როგორც წესი, წარმოადგენენ აგრესიული მარკეტინგული კამპანიების სამიზნეებს. მომხმარებლისთვის ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების მინიჭება და არასასურველი პროდუქტის უკან დაბრუნების შესაძლებლობის არსებობა გაზრდის მომხმარებლის აქტივობას ონლაინ ვაჭრობაში, რაც დადებითად აისახება ონლაინ ვაჭრობის მოცულობის ზრდაზე. თავის მხრივ ის სარგებელს მოუტანს ბიზნესსაც. თუ ონლაინ გაყიდვები გარკვეული სექტორის ვაჭრობის პრიორიტეტულ არხად იქცევა, ბიზნესმა შესაძლოა გაზარდოს ფოკუსი ონლაინ გაყიდვებზე, რაც სარეწში ვაჭრობის და ტრადიციული გაყიდვების ხაზების მართვასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირებას, და საბოლოო ჯამში ბიზნესის საერთო ხარჯების შემცირებას გამოიწვევს.
ინიციატორების თქმით, კანონპროექტის მიღებით, სასამართლო საუკეთესო ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით მომზადებული, თანამედროვე სტანდარტების კანონპროექტით იხელმძღვანელებს, რაც მომხმარებლის უფლებების დაცვის უფრო მაღალ ეფექტს უზრუნველყოფს. მას არ მოუწევს, როგორც მოსარჩელეს, ყველაფრის თავად მტკიცება. არსებული გამოცდილება დღესდღეობით მომხმარებელს, როგორც ურთიერთობის სუსტ მხარეს, მოვაჭრესთან შედარებით არამომგებ პოზიციაში აყენებს. კანონპროექტითგანსაზღვრულ შემთხვევებში, მიუხედავად იმისა რომელი მხარე იქნება მოსარჩელე, მტკიცების ტვირთი იქნება მოვაჭრეზე;
კანონპროექტი 2019 წელს, წინა მოწვევის პარლამენტშია ინიცირებული. ამ მოწვევის პარლამენტმა მისი განხილვა განაახლა. პროექტი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს.
კანონპროექტის ინიციატორები არიან: წინა და ახალი მოწვევის პარლამენტის დეპუტატები: თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე, ბექა ნაცვლიშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, შოთა ხაბარელი, ზაზა ხუციშვილი, გიორგი მოსიძე, გუგული მაღრაძე, გიორგი ხატიძე, გურამ მაჭარაშვილი, სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო წილოსანი, აკაკი ზოიძე, თამარ ჩუგოშვილი, გიორგი ვოლსკი, ენძელა მაჭავარიანი, დიმიტრი ხუნდაძე, არჩილ თალაკვაძე.