ბიზნესი
04/06/2021

ოკტოპუსი: სესხის პროცენტის დასუბსიდირებას, ჯობდა საგადასახადო შეღავათები გვქონოდა

სპორტული დარბაზების ნაწილი პანდემიის გამო მთავრობის ამოქმედებულ შეღავათებს უშედეგოს უწოდებს და აცხადებს, რომ სექტორისთვის ბევრად მიმზიდველი სხვადასხვა სახით გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.

„ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დირექტორი გიორგი ასათიანი „ბიზნესპარტნიორთან“  განმარტავს, რომ საბანკო სესხის პროცენტის ნაწილში დახმარებას, სჯობდა მთავრობას საგადასახადო მიმართულებით შეღავათებზე ეფიქრა.

განსაკუთრებით ეფექტური, საშემოსავლო, დღგ-ს და ქონების გადასახადისგან რამდენიმეთვიანი გათავისუფლება იქნებოდა.

„ახლა ეკონომიკის სამინისტრომ მეორე ეტაპი გამოაცხადა, თუმცა, ჩვენ პირველ ეტაპზე ვერ ვისარგებლეთ, რადგან ლიზინგი გამონაკლისებში იყო. შესაბამისად, ჩვენი ტიპის დაწესებულებებს, სპორტული ინვენტარი ლიზინგით აქვს შეძენილი. ახლა, მეორე ეტაპზე ეს გამონაკლისებში აღარ არის და იმედი გვაქვს, რომ ეს პროგრამა ჩვენზე ამჯერად მაინც გავრცელდება. საუბარია, სესხის პროცენტის 80%-ის 6 თვის განმავლობაში დასუბსიდირებაზე.

სულ არაფერს ჯობს, თუმცა, იმის ფონზე, რომ თითქმის ყველა საოპერაციო ხარჯი გაზრდილია, დაწყებული კომუნალურიდან, დასრულებული კოვიდ რეგულაციების გამო დამატებითი შრომითი რესურსის გამოყოფა და ასე შემდეგ, ამას ემატება შემცირებული შემოსავლები, დაგროვილი დავალიანება, ამ ფონზე მთავრობის ეს დახმარება დიდი შეღავათი არ არის. მნიშნელოვანი დახმარება იქნებოდა ის, რომ ამოქმედებულიყო საგადასახადო შეღავათები, ამ ნაწილში დახმარება არ გვქონია, განსხვავებით ტურიზმის სექტორისგან, სადაც მოხდა კომპანიებისთვის 5 თვის საშემოსავლო გადასახადების ჩამოწერა,“ - აცხადებს ასათიანი.

შეგახსენებთ, რომ სპორტული ობიექტები სუბსიდიით მეორედ ისარგებლებენ. განაცხადების მიღების მეორე ეტაპზე სააგენტო „აწარმოე საქართველოში“  2-დან 11 ივნისის ჩათვლით მიიღებს განაცხადებს.

სუბსიდირების შესახებ გადაწყვეტილება მთავრობამ კოვიდპანდემიის შედეგად გამოწვეული სირთულეების გამო მიიღო. სუბსიდიით ისარგებლებენ ობიექტები, რომლებსაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ოპერირების შესაძლებლობა შეეზღუდათ და შეუმცირდათ შემოსავალი.

პროგრამა მოიცავს სამ კომპონენტს: სესხის თანადაფინანსების კომპონენტი; სალიზინგო პროექტის თანადაფინანსების კომპონენტი; მიკრო სესხის თანადაფინანსების კომპონენტი.