Myway Airlines-ს ახალი მფლობელი ჰყავს
ქართულ ავიაკომპანია Myway Airlines-ს ახალი მფლობელი ჰყავს. ავიაკომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი Plus Aviation Investment-ია.
საჯარო რეესტრში ატვირთული ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, გარიგების მოცულობა 1,95 მლნ დოლარია.
Plus Aviation Investment-ი 2020 წლის აგვისტოშია დარეგისტრირებული. მისი 49%-იანი წილის მფლობელი ჩინეთის მოქალაქე ჭენგლიანგ ლიუა, 40%-ს სიმონ ჯამბაზიშვილი, 11%-ს კი ამავე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი რატი ბაკურაძე ფლობს.
მხარეებს შორის შეთანხმებით, კომპანია Plus Aviation Investment-მა ავიაკომპანიის ყოფილ მფლობელსა და შპს „ხე-ტყის სამრეწველო საზოგადოება ხუაშუნ ლტდ საქართველოს“ შორის სასესხო ვალდებულებებსაც გადაიბარებს.
ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ახალმა მფლობელმა უნდა უზრუნველყოს შესაძენი წილების 90%-ის კომპანია „ხე-ტყის სამრეწველო საზოგადოება ხუაშუნ საქართველოს“ სასარგებლოდ დაგირავება, მას შემდეგ რაც შესაძენი წილი გამოთავისუფლდება, ამ წილიდან 20% „სიანძიანგ ჰუალინგ ინდუსტრიული და სავაჭრო ჯგუფის" სასარგებლოდ უნდა დათმოს, ასევე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რაც ფაქტობრივად, უკვე შესყიდული წილის ნაწილის უკან დაბრუნების ტოლფასია.
საგულისხმოა, რომ ქართულ ავიაკომპანია Myway Airlines-ს გარკვეული პრობლემები აქვს ევროკავშირის ბაზარზე დაშვებასთან დაკავშირებით. მაგალითად, იმის გამო, რომ ავიაკომპანია ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს და ევროკავშირს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ მოთხოვნებს, ევროკავშირის ქვეყნებში რეგულარული ავიარეისების შესრულებაზე 2019 წლის ივლისში ეთქვა უარი.