ბიზნესი
08/10/2020

Myway Airlines-ის მფლობელი კომპანიის 100%-იან წილს ყიდის

კომპანია Georgian Huashun International Industrial Investment Group LTD-ი Myway Airlines-ის 100%-იან წილს ყიდის.

უკვე ცნობილია მყიდველიც, ის კომპანია Plus Aviation Investment-ია. მხარეებს შორის უკვე გაფორმებულია წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, გარიგების მოცულობა კი 1,95 მლნ დოლარია.

საჯარო რეესტრში არსებული მონაცემებით, Plus Aviation Investment-ი 2020 წლის აგვისტოშია დარეგისტრირებული. მისი 49%-იანი წილის მფლობელი ჩინეთის მოქალაქე ჭენგლიანგ ლიუა, 40%-ს სიმონ ჯამბაზიშვილი, 11%-ს კი ამავე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი რატი ბაკურაძე ფლობს.

მხარეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, მყიდველმა თანხა ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 დღეში ერთი გადარიცხვის მეთოდით უნდა გადაიხადოს. ამ დროისთვის მხარეებს შორის შეთანხმება გარიგებული არ არის საჯარო რეესტრის მიერ დოკუმენტებში აღმოჩენილი ხარვეზის გამო. ხარვეზის გამოსწორებისთვის რეესტრმა მხარეებს 30 დღიანი ვადა უკვე მისცა.

ნასყიდობის ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ კომპანია Plus Aviation Investment-მა უნდა უზრუნველყოს Georgian Huashun International Industrial Investment Group LTD-სა და შპს „ხე-ტყის სამრეწველო საზოგადოება ხუაშუნ ლტდ საქართველოს“ შორის 2020 წლის 29 ივნისს სესხის აღიარების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

ერთი მნიშვნელოვანი დეტალი რაც ნასყიდობის ხელშეკრულებაში იკითხება ისაა, რომ ხელშეკრულების დადებიდან 5 დღეში მყიდველი, კომპანია Plus Aviation Investment-მა უნდა უზრუნველყოს შესაძენი წილების 90%-ის „ხე-ტყის სამრეწველო საზოგადოება ხუაშუნ ლტდ საქართველოს“ სასარგებლოდ ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად რაც სესხის აღიარების ხელშეკრულებაშია გაწერილი.

Georgian Huashun International Industrial Investment Group LTD-ის აცხადებს, რომ „საჰაერო ხომალდის იჯარის ხელშეკრულება“ ბოინგ B737-800-სთან დაკავშირებით გარანტორად რჩება „სიანძიანგ ჰუალინგ ინდუსტრიული და სავაჭრო (ჯგუფი) ლტდ“, რომელთანაც ხელშეკრულება 2017 წლის 31 ივლისს არის გაფორმებული.

იქვე ნათქვამია, რომ მას შემდეგ რაც შესაძენი წილი გამოთავისუფლდება „ხე-ტყის სამრეწველო საზოგადოება ხუაშუნ ლტდ საქართველოს“ გირავნობისგან მყიდველმა 20% „სიანძიანგ ჰუალინგ ინდუსტრიული და სავაჭრო (ჯგუფი) ლტდ-ს“ სასარგებლოდ უნდა დათმოს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად – კერძოდ, განიხილება ბოინგ B737-800-სთან იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საჰაერო კოდექსით საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა გაიცემა საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის საქმიანობის ძირითადი ადგილია საქართველო და რომელშიც საქართველოს მოქალაქეები, სახელმწიფო ან საქართველოში დაფუძნებული იურიდიული პირი საკუთრების უფლებით ფლობს/ფლობენ ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 50%-ზე მეტს. ამის გათვალისიწნებით, კანონი გარიგებას არ კრძალავს, თუმცა საინტერესო მაინც გარიგების ის პუნქტებია, რომლებიც ვალდებულებების სანაცვლოდ კომპანია Plus Aviation Investment-ს ეკისრება „ხე-ტყის სამრეწველო საზოგდაოება ხუაშუნ ლტდ საქართველოსა“ და „სიანძიანგ ჰუალინგ ინდუსტრიული და სავაჭრო (ჯგუფი) ლტდ-ს“ წინაშე, რაც ფაქტობრივად უკვე შესყიდული წილის უკან დაბრუნების ტოლფასია.

საგულისხმოა, რომ ქართულ ავიაკომპანია Myway Airlines-ს გარკვეული პრობლემები აქვს ევროკავშირის ბაზარზე დაშვებასთან დაკავშირებით. მაგალითად, იმის გამო, რომ ავიაკომპანია ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს და ევროკავშირს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ მოთხოვნებს, ევროკავშირის ქვეყნებში რეგულარული ავიარეისების შესრულებაზე 2019 წლის ივლისში ეთქვა უარი. 

Businesspartner