Myway Airlines-ს ახალი დირექტორი ჰყავს
ქართულ ავიაკომპანია Myway Airlines-ს ახალი დირექტორი ჰყავს. ამ თანამდებობაზე ჭენგლიანგ ლიუ ჩაანაცვლა სიმონ ჯამბაზიშვილმა, რომელიც კომპანიის 40%-იანი წილის მფლობელია.
რაც შეეხება ჭენგლიანგ ლიუს, მიუხედავად იმისა, რომ მან დირექტორის პოსტი დატოვა კომპანიის წილის მფლობელად მაინც რჩება.
კომპანიის პარტნიორთა კრებამ ცვლილება უკვე დაამტკიცა.
შეგახსენებთ, რომ ქართულ ავიაკომპანიას სულ ცოტა ხნის წინ მფლობელი შეეცვალა. კომპანიის 100%-იანი წილის ახალი მფლობელი Plus Aviation Investment-ია. საჯარო რეესტრში ატვირთული ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, გარიგების მოცულობა 1,95 მლნ დოლარია.
Plus Aviation Investment-ი 2020 წლის აგვისტოშია დარეგისტრირებული. მისი 49%-იანი წილის მფლობელი ჩინეთის მოქალაქე ჭენგლიანგ ლიუა, 40%-ს სიმონ ჯამბაზიშვილი, 11%-ს კი ამავე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი რატი ბაკურაძე ფლობს.
მხარეებს შორის შეთანხმებით, კომპანია Plus Aviation Investment-მა ავიაკომპანიის ყოფილ მფლობელსა და შპს „ხე-ტყის სამრეწველო საზოგადოება ხუაშუნ ლტდ საქართველოს“ შორის სასესხო ვალდებულებებსაც გადაიბარებს.
ახალმა მფლობელმა უნდა უზრუნველყოს შესაძენი წილების 90%-ის კომპანია „ხე-ტყის სამრეწველო საზოგადოება ხუაშუნ საქართველოს“ სასარგებლოდ დაგირავება, მას შემდეგ რაც შესაძენი წილი გამოთავისუფლდება, ამ წილიდან 20% „სიანძიანგ ჰუალინგ ინდუსტრიული და სავაჭრო ჯგუფის” სასარგებლოდ უნდა დათმოს, ასევე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რაც ფაქტობრივად, უკვე შესყიდული წილის ნაწილის უკან დაბრუნების ტოლფასია.
საგულისხმოა, რომ ქართულ ავიაკომპანია Myway Airlines-ს გარკვეული პრობლემები აქვს ევროკავშირის ბაზარზე დაშვებასთან დაკავშირებით. მაგალითად, იმის გამო, რომ ავიაკომპანია ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს და ევროკავშირს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ მოთხოვნებს, ევროკავშირის ქვეყნებში რეგულარული ავიარეისების შესრულებაზე 2019 წლის ივლისში ეთქვა უარი.