მიხო სვიმონიშვილი მეცხოველეობის ფერმას მაისში გახსნის
სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი და “მარგებელი ჰოლდინგის“ დამფუძნებელი მიხო სვიმონიშვილი დმანისში, შვეიცარიულ-ქართული ტექნოლოგიით მეცხოველეობის ფერმას მაისში გახსნის. პროექტს შვეიცარიული აგრარული სკოლა “კავკასია“ ახორციელებს.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სკოლის დირექტორმა თინათინ მახარაძემ განუცხადა, ამჟამად მიმდინარეობს ობიექტის მშენებლობა. ეს იქნება ძროხების ფერმა და ძირითადად მერძეული მიმართულებით იმუშავებს. ფერმაში მიღებული რძე კი ამავე ტერიტორიაზე არსებული ყველის ქარხანაში გადამუშავდება.
დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარკინეთში შვეიცარული პროფესიული განათლების მოდელის მიხედვით სკოლა და საცხოვრებელი კამპუსი უკვე აშენებულია.
შვეიცარიული აგრარული კოლეჯი “კავკასია“ პირველ სტუდენტებს სექტემბერში მიიღებს. მიმდინარეობს მუშაობა და უახლოეს დღეებში „კავკასია“ ავტორიზაციის მისაღებად განაცხადს განათლების სამინისტროში შეიტანს.
პროექტი ხორციელდება კერძო ფინანსური ინიციატივით, ასევე მნიშვნელოვანი ფინანსური პარტნიორია კერძო შვეიცარიული ფონდი Swiss South Caucasus Foundation (SSFC), რომელიც მრავალი წელია მეცნიერებისა და განათლების სფეროში მოღვაწეობს.