ლაშა ხუციშვილი სათამაშო ბიზნესზე: შესაძლოა, კიდევ მეტი რეაგირების საჭიროება დადგეს
ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით გათვალისწინებული შეზღუდვები არ არის ისეთი მძიმე, პირობითად როგორც სხვა ქვეყნებშია.
"ევროკავშირის ქვეყნებში ბევრად მძიმე საგადასახადო ტვირთია და უფრო მეტი შეზღუდვა არსებობს. ზოგადად ეს ბიზნესი პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია რეგულირებული. ამ სექტორის რეგულირება სიურპრიზი არავისთვის არ უნდა იყოს, თავისი ბუნებიდან გამომდინარე", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, შესაძლოა კიდევ მეტი რეაგირების საჭიროება დადგეს.
"შესაძლოა, ახალი გარემოებები გამოიკვეთოს, რომელიც კიდევ უფრო მეტ რეაგირების მოხდენას საჭიროებს. ეს მიმდინარე პროცესია, რასაც ბუნებრივია, ფინანსთა სამინისტრო მონიტორინგს გაუწევს", -განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
ინფორმაციისთვის, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით მიმდინარეობს საკანონმდებლო ცვლილების განხილვა. პროექტის თანახმად, ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღება იგეგმება. ჯამურად სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით. იგეგმება სხვადასხვა მიმართულებით რეგულაციების გამკაცრება.