საზოგადოება
14/12/2021

აკრძალული აზარტული თამაშები - რას ითვალისწინებს დეპუტატების კანონპროექტი

სათამაშო ბიზნესთან მიმართებაში რეგულაციები გამკაცრდება. განისაზღვრება იმ პირთა წრე, რომლებსაც აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის მიღების უფლება არ ექნებათ. გაიზრდება ასაკობრივი ზღვარი. აიკრძალება მოთამაშის მიერ სხვა მოთამაშის სათამაშო ანგარიშზე თანხის გადარიცხვა. ცვლილებას "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონი ითვალისწინებს. კანონპროექტი პარლამენტშია ინიცირებული. 

პროექტის თანახმად, კანონში გაიწერება თამაშზე დამოკიდებული პირის, დამოკიდებულ პირთა სიის და აკრძალულ პირთა სიის განმარტება.

თამაშზე დამოკიდებულია ფიზიკური პირი - რომელსაც გააჩნია დაუძლეველი სურვილი და დამოკიდებულება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე. 

დამოკიდებულ პირთა სია - აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ბაზა, რომელშიც პირის მონაცემების შეტანა მოხდება სასამართლოს ბრძანების ან თავად ამ პირის მიერ შემოსავლების სამსახურისთვის მიმართვის საფუძველზე. 

აკრძალული პირი - რომელსაც ეკრძალება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობაში (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მონაწილეობა, მათ შორის თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში. 

აკრძალული პირია: საბიუჯეტო როგანიზაციაში დასაქმებული პირები, მათ შორის სახელმწიფო მოსამსახურე, საჯარო მოსამსახურე, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, პოლიტიკური თანამდებობის პირი; აგრეთვე, მარეგულირებელ ორგანოებში დასაქმებული პირები; ეროვნულ ბანკში დასაქმებული პირი; საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის წევრი. 

დამოკიდებულ პირთა სიას და აკრძალულ პირთა სიას აწარმოებს შემოსავლების სამსახური. დამოკიდებულ პირთა სიაში და აკრძალულ პირთა სიაში დასაშვები იქნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქის მონაცემების შეტანა.

დამოკიდებულ პირთა სიაში პირის მონაცემების შეტანა მოხდება: თავად დამოკიდებული პირის მიმართვის საფუძველზე, რომელიც შესაბამის განაცხადს
წარადგენს შემოსავლების სამსახურში დამოკიდებულ პირთა სიაში მისი მონაცემების შეტანის თაობაზე; სასამართლოს ბრძანების საფუძველზე. დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შეტანა მოხდება 5 წლის ვადით. 

დამოკიდებულ პირთა სიიდან, პირის მონაცემების ამოღება შესაძლებელი იქნება სასამართლოს ბრძანების საფუძველზე, ამავე პირის მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანიდან არაუადრეს 3 წლისა ან საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში.

აკრძალულ პირთა სიის წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის
ნორმატიული აქტით.

იმ პირის სათამაშო ანგარიშზე განთავსებული თანხები, რომელსაც კანონის ამოქმედების შედეგად შეეზღუდება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობა, დაუბრუნდება მას ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად. 

"აღნიშნული რეგულაციით, უზრუნველყოფილი იქნება მოთამაშეთა საკუთრების უფლების დაცვა იმ თანხებზე, რომლებიც განთავსებულია მათ სათამაშო ანგარიშებზე და კანონის ამოქმედების შედეგად ვეღარ შეძლებენ თამაშობაში მონაწილეობის მიღებას, შესაბამისად კანონპროექტი ითვალისწინებს სამართლებრივ გარანტიებს, მოთამაშეების მიერ ამ თანხების დასაბრუნებლად",- აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტით, აიკრძალება მოთამაშის მიერ სხვა მოთამაშის სათამაშო ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა/გადატანა. 

სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორისთვის სავალდებულო გახდება ყოველწლიურად მოთამაშეთა ხელახალი ვერიფიკაციის განხორციელება, ასევე ორგანიზატორს განესაზღვრება თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის ვალდებულება. 

გაიზრდება ასაკობრივი ზღვარი საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველა სახის აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობაში (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მონაწილეობისთვის. დაშვების ასაკი 18 წლის ნაცვლად განისაზღვრებია 25 წლით. აგრეთვე აიკრძალება 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის აზარტულ ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას შესვლა ან/და თამაშობაში, მათ შორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობაში მონაწილეობა. 

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ლევან მგალობლიშვილი, გელა სამხარაული, გოჩა ენუქიძე, ბეჟან წაქაძე, ელგუჯა გოცირიძე, ირაკლი (დაჩი) ბერაია.