ლაშა ხუციშვილი: სათამაშო ბიზნესი ევროკავშირის ქვეყნებში მკაცრად რეგულირდება
ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, აზარტული სათამაშო ბიზნესი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში რეგულირდება, ევროკავშირის ქვეყნებში კი, საკმაოდ მკაცრად.
"ვერ გავიზიარებ პათოსს, რომ სექტორის რეგულირება, მითუმეტეს როდესაც საუბარია სათამაშო ბიზნესზე, რაიმე ტიპის სიურპრიზი უნდა იყოს ვინმესთვის",- აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
მისი განმარტებით, ასაკობრივი ზღვარი აიწევს 25 წლამდე, რომელიც გავრცელდება როგორც ონლაინ სათამაშო ოპერატორებზე, ისე ე.წ. ხმელეთის ოპერატორებზე.
რაც შეეხება რეკლამას, ლაშა ხუციშვილის თქმით, შესაძლებელი იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება. ტელევიზიებში შეძლებენ მხოლოდ დაასახელონ ვინ არის კონკრეტული გადაცემის, ან სპორტული ღონისძიების სპონსორი. ლოგოს გამოყენება აიკრძალება.
სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით ინიციატივა ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა.