რას გულისხმობს სათამაშო ბიზნესის ახალი რეგულაციები
ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღება იგეგმება.
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე მთავრობის მიერ ინიცირებული ახალი რეგულაციები განმარტა.
მისი თქმით, ჯამურად სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით.
ამასთან, ასაკობრივი ზღვარი გაიზრდება 25 წლამდე.
"25 წლამდე აეკრძალება აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება ჩვენს მოქალაქეებს და აქაც, გაწერილი გვაქვს დეტალურად, თუ ვის შეეხება აღნიშნული შეზღუდვა - ესენი არიან სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან, საჯარო მოხელეები, პირები, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით და ასევე პირები, რომლებიც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ოჯახის წევრების მოთხოვნით და ჯამში, პირთა წრე, რომელთაც შეზღუდული ექნება წვდომა აზარტულ თამაშებზე, შეადგენს 1 მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს", - აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, ინიცირებულ ვარიანტში გაწერილია კონტროლის შესაბამისი მექანიზმები.
პრემიერის განმარტებით, შეზღუდვა ეხება რეკლამასაც.
"აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამის განთავსება. სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება და ძირითადად შეიძლება სპორტს შეეხოს აღნიშნული დაშვება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.