ბიზნესი
08/02/2022

ქართული კომპანია "ჩიზზზი" თბილისში კაფეების გახსნას გეგმავს

ქართული კომპანია "ჩიზზზი - არაჩვეულებრივი აჭარული" თბილისში კაფეების გახსნას გეგმავს.

"ჩიზზზის" დამფუძნებელი ნათია ჯგუბურია "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ მათი მთავარი მიზანი ქართული კერძების Street food-ად ქცევაა.

"გვინდა გავაკეთოთ "ჩიზზზის" კაფეები, რომელიც მომხმარებლებს ცხელ აჭარულ ხაჭაპურს ადგილზე შესთავაზებს, რაც ტურისტული თვალსაზრისითაც ძალიან კომფორტული და საინტერესოა. ჯერ თბილისში და შემდეგ უკვე საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც გვინდა პატარა ფილიალების გახსნა. ძალიან დიდი მოთხოვნაა უკვე ბათუმიდან და უნდათ ჩვენი პროდუქტის გაყიდვა მარკეტებში,“ –აღნიშნავს ნათია ჯგუბურია.

მისივე თქმით, უკვე მზად არის "ფუდ თრაქი", რომელიც რამდენიმე თვეში, თბილისში, რომელიმე ტურისტულ ადგილას განთავსდება.

"ჯერ დეტალების დაზუსტების პროცესში ვართ. ჩვენი მიზანია ქართული საჭმელი Street food-ად ვაქციოთ, რადგან მსგავსი სერვისი არ არსებობს. ფესტივალებზე მიღებულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ადამიანებს ძალიან მოსწონთ ქუჩაში მსგავსი პროდუქტის მირთმევა. მინდა აღვნიშნო, რომ გაყიდვები და პროდუქტზე მოთხოვნა სასიამოვნოდ მოულოდნელი იყო ჩვენთვის და ორ არასრულ დღეში მთლიანად გაიყიდა პირველი პარტია," – ამბობს "ჩიზზზის" დამფუძნებელი.  

შეგახსენებთ, რომ "ჩიზზზი - არაჩვეულებრივი აჭარული", უკვე ხელმისაწვდომია "წერტის" ორ მაღაზიაში. ხაჭაპური ორი ნაწილისგან შედგება, ვაკუმირებული ყველისგან და ნახევრად გამომცხვარი უსაფუარო ცომისგან. მის მომზადებას სულ რაღაც 10 წუთი სჭირდება. 

კომპანიის გეგმებშია ექსპორტიც. ამ ეტაპზე, "ჩიზზზი" მოლაპარაკებების პროცესშია უკრაინასთან, იაპონიასთან და სხვა ქვეყნებთან.