ბიზნესი
07/02/2022

"ჩიზზზი" შეფუთული აჭარული ხაჭაპურის ექსპორტზე გატანას გეგმავს

ქართული კომპანია "ჩიზზზი - არაჩვეულებრივი აჭარული", რომელიც სულ ახლახანს ბაზარზე შეფუთული აჭარული ხაჭაპურით გამოჩნდა, პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ნათია ჯგუბურია "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს უკრაინასთან, იაპონიასთან და სხვა ქვეყნებთან.

"ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ექსპორტი და მსოფლიოში აჭარული ხაჭაპურის პოპულარიზაციაა, გვინდა იყოს ისეთივე ცნობადი, როგორიც პიცაა და ამის პოტენციალი ნამდილად აქვს. შეფუთვა თავიდანვე გავთვალეთ საერთაშორისო ბაზრებისთვის. ექსპორტზე გატანას გვიან გაზაფხულამდე ვაპირებთ. ნიმუშები უნდა გავაგზავნოთ უკრაინაში და დიდი იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკება შედგება. საბოლოო მიზანი ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარია, თუნდაც მხოლოდ ნიუ-იორკში უდიდესი პოტენციალი აქვს აჭარულ ხაჭაპურს. მას მერე რაც ბაზარზე გამოვჩნდით, დაინტერესება ძალიან დიდია, გამოხმაურებები დადებითია და შესაბამისად, ჩვენი მოლოდინებიც პოზიტიური,"– ამბობს ნათია ჯგუბურია.

"ჩიზზზის" აჭარული ხაჭაპური, ამ ეტაპზე მხოლოდ "წერტის" ორ მაღაზიაში იყიდება. სწორედ "წერტის" ყველი გამოიყენება პროდუქტისთვის. ასევე, "ჩიზზზის" საიტი მზად არის და სულ მალე მომხმარებლები აჭარული ხაჭაპურის ონლაინ შეძენასაც შეძლებენ.

"ხაჭაპური ორი ნაწილისგან შედგება, ვაკუმირებული ყველისგან და ნახევრად გამომცხვარი უსაფუარო ცომისგან. მის მომზადებას სულ რაღაც 10 წუთი სჭირდება. აუცილებლად ვგეგმავთ თვითონ აჭარული ხაჭაპურის გამრავალფეროვნებას, რუხი, უგლუტენო ცომის და განსხვავებული შიგთავისის მიხედვით. მინდა აღვნიშნო, რომ გაყიდვები და პროდუქტზე მოთხოვნა სასიამოვნოდ მოულოდნელი იყო ჩვენთვის და 2 არასრულ დღეში მთლიანად გაიყიდა პირველი პარტია.  

ყველასთვის ღია ვართ, გვინდა რესტორენებმა და კაფეებმაც გამოიყენონ ჩვენი პროდუქტი, რაც დიდ დროს და რესურსს დაუზოგავს მათ, ასევე წარმოების გაზრდასთან ერთად, მომავალში "ჩიზზზის" შეტანას ქსელურ მარკეტებშიც განვიხილავთ. სახლში მომზადებაც ძალიან მარტივია, რეალურად დანა-ჩანგლის გარდა არაფერი ისვრება,“ – აღნიშნავს ნათია ჯგუბურია. 

"ჩიზზზის" აჭარული ხაჭაპური 20 ლარი ღირს, და როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, პროდუქტი მასში გადახდილ თანხას ამართლებს, რადგან მაღალი ხარისხით, ნატურალური ნედლეულით მზადდება. 

"ჩიზზზის" შექმნის იდეა ჩემს მეუღლეს დიდი ხნის წინ გაუჩნდა, თუმცა პანდემიის დროს, როდესაც "ლოქდაუნი" იყო და დელივერ კომპანიებიდან ვიძახებდით აჭარულ ხაჭაპურს, ხშირ შემთხვევაში გაციებული მოდიოდა. ამიტომ ჩვენი პროდუქტი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს რამდნიმე წუთში თავად მოამზადონ იდეალური აჭარული ხაჭაპური. თანაც ბევრი ადამიანისთვის "ჩიზზზი" სახლში მომზადებულთან ასოცირდება და განცდას ტოვებს, რომ თავად აცხობ, რაც ბევრისთვის სასიამოვნოა," – ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

კაზინო "ივერიას" წმინდა საოპერაციო მოგება 86%-ით გაიზარდა
01

02/08/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
02

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ტურიზმი

რაჭაში, სასტუმრო "სანსეტ შოვმა" ორწლიანი პაუზის შემდეგ ოპერირება განაახლა
05

11/07/2023
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020