ქართულ ბაზარზე LEFTIES-ის შემოსვლა შესაძლოა, მომდევნო წლამდე გადავადდეს
ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდის, LEFTIES-ის შემოსვლა შესაძლოა, მომდევნო წლამდე გადავადდეს.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა განუცხადა, კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია, თუმცა მოესწრება თუ არა ახალი მაღაზიისთვის სათანადო ფართის შერჩევა მიმდინარე წელს, ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
„ამ ეტაპზე ლოკაციას ვარჩევთ. LEFTIES-ისთან ხელშეკრულება გვაქვს, მარამ სათანადო ფართს ვეძებთ. არ ვიცით 2023 წელს მოესწრება თუ არა. ისეთი ბრენდისთვის, როგორიც LEFTIES-ია ყველა სავაჭრო ცენტრი საინტერესეოა, ძირითად სავაჭრო ცენტრებს ვგულისხმობ, მაგრამ კონკრეტული მოთხოვნა გვაქვს კვადრატულობასთან დაკავშირებით, რომელიც არ არის მარტივი დასაკმაყოფილებელი.
როდესაც ბრენდი შემოგვყავს, პირველი მაღაზია აუცილებლად საუკეთესო უნდა იყოს. მეორე და მესამე შეიძლება სტანდართული ფორმატის გავაკეთოთ, მაგრამ პირველის შემთხვევაში გვჭირდება დიდი სივრცე და ამიტომ ეს პროცესი ცოტა გაგვიჭიანურდა.
2024 წლამდეც რომ გადაიდოს, ამით არაფერი დაშავდება, პროექტები არ გვაკლია,“-აღნიშნა რეზო მაღალაშვილმა.
ცნობისთვის, Lefties-ი გლობალური ჯგუფი Inditex-ის ერთადერთი ბრენდია, რომელიც ამ დროისთვის საქართველოში წარმოდგენილი არ არის.
„რითეილ გრუპ ჯორჯიამ“ 2023 წელს ამ ბრენდის შემოყვანასთან დაკავშირებით, გასული წლის სექტემბერში განაცხადა. შეგახსენებთ, „რეითეილ გრუპ ჯორჯია” ქვეყანაში 30-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდის 60 მაღაზიას წარადგენს.