ბიზნესი
10/05/2021

"ჰერბია" მომხმარებელს მიტანის სერვისს შესთავაზებს

თბილისში სოფლის ნატურალური პროდუქტების გამოძახება ოქტომბრიდან "ჰერბიას" დახმარებითაც იქნება შესაძლებელი. კომპანია მომხმარებელს ახალ სერვისს შესთავაზებს.

„იმდენად დიდი მოთხოვნა იყო ჩვენი პროდუქტების ადგილზე მიტანასთან დაკავშირებით და პლუს თბილისში, როგორც აღმოჩნდა იმდენად დეფიციტურია ნატურალური სოფლის პროდუქტები, რომ გადავწყვიტეთ მიტანის სერვისი შევქმნათ. ეს იქნება სერვისი რომლიდანაც ჩვენი წარმოებული ბოსტნეულის სოუსების და მწვანილების გარდა, მომხმარებელი შეძლებს ონლაინ შეუკვეთოს და სახლიდან გაუსვლელად მიიღოს სოფლის ქათამი, ყველი, სულგუნი, ღორის და ხბოს ხორცი, ზოგადად ყველაფერი რაც კავშირშია ნატურალურ სოფლის პროდუქციასთან. ქათმის, ღორის და კურდღლის ხორცის წარმოება ჩვენ დავიწყეთ, სხვა დანარჩენი პროდუქტები იქნება ადგილობრივი ფერმერებისგან მოძიებული. შევქმნით ონლაინ პლათფორმას, სადაც მომხმარებელი შეძლებს პირდაპირ საიტიდან გამოიძახოს ნებისმიერი პროდუქტი,“ -  ამბობს "ბიზნესპარტნიორთან" „ჰერბიას“ მენეჯერი დავით ჯანელიძე.

პროექტი 20-მდე ადამიანს დაასაქმებს და მასში 1,5 მლნ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება.

"ჰერბია" აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა მწვანილსა და ბოსტნეულს აწარმოებს.

წყალტუბოში მდებარე მაღალტექნოლოგიურ საწარმოს დღეში 1000 ერთეული პროდუქტის გამოშვება შეუძლია. სასათბურე მეურნეობა ჯამში 25 ჰექტარ ფართობზეა განთავსებული, სადაც წელიწადში 2 000 ტონამდე ბოსტნეული იწარმოება.

30 დასახელების პროდუქტის 95% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, მცირე მოცულობით კი ექსპორტზე, ბულგარეთში გადის.

კომპანია „ჰერბია“ აგროტურიტულ საქმიანობასაც იწყებს და მომავალში კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს.