"სეტყვის საწინააღმდეგო ქართული ბადეები იმპორტირებულზე 30-40%-ით იაფი ღირს"
საქართველოში სეტყვის საწინააღმდეგო იმპორტირებული ბადეების ჩანაცვლება იგეგმება. შესაბამისი პროდუქტის წარმოება ადგილობრივ ბაზარზე უკვე დაიწყეს და ფერმერების მხრიდან მასზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სეტყვის საწყინააღმდეგო ბადეების მწარმოებელი კომპანიის „აგრობადეს“ დამფუძნებელმა და დირექტორმა ავთანდილ მაისურაძემ განუცხადა, ქართულ ბადეებს უცხოურთან შედარებით რამდენიმე უპირატესობა აქვს, მათ შორის დაბალი ღირებულება.
„ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტები არ გვყავს. ჩვენ ვართ პირველები, ვინც ამ პროდუქციის წარმოება დაიწყო. კონკურენტები გვყავს იტალიის და თურქეთის სახით, საიდანაც ანალოგიური პროდუქტის იმპორტი ხდება. თუმცა, ქართული ბადეები მათზე 30-40%-ით იაფი ღირს. გარდა ამისა, ჩვენს ბადეს აქვს ის უპირატესობაც, რომ არის გარმონისებური სტილით ნაქსოვი, რომელსაც აქვს იმის უნარი, რომ სეტყვის დიდი მასის დაგროვების შემთხვევაში, აღნიშნული მასა დაიკავოს“, - აღნიშნა ავთანდილ მაისურაძემ.
მისივე ინფორმაციით, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოების პროცესი ხანგრძლივია და ის რამდენიმე, საკმაოდ რთულ ეტაპს მოიცავს, მთავარი კი ძაფის მიღებაა, რომლითაც შემდეგ ბადეს ქსოვენ.
„გვაქვს თანამედროვე სტანდარტების გერმანული დანადგარები, რომლითაც უმაღლესი ხარისხის ბადეებს ვაწარმოებთ“, - განაცხადა მაისურაძემ.
როგორც „აგრობადეს“ დამფუძნებელი ამბობს, საქართველოში, ბოლო პერიოდში მომხდარი სტიქიების ფონზე, ბადეებზე მოთხოვნა მკვეთრად გაზრდილია.
„შეკვეთები თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით გვაქვს, უმეტესად კი შიდა ქართლიდან ხეხილის ბაღებზე, ხოლო კახეთიდან ვენახის გადაფარვაზე. მომხმარებლებს შორის, როგორც კერძო, ისე ფიზიკური პირები არიან. თუმცა, ფერმერებს 1 ჰექტარი ტერიტორიის, სეტყვის საწინააღმდეგო ბადით დაცვა, საკმაოდ ძვირი უჯდებათ, რადგან კვადრატული მეტრის ღირებულება 1 ლარს შეადგენს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ხელშეწყობა. ჩვენც და ფერმერებსაც სურვილი გვაქვს, რომ მოხდეს დაფინანსება, მაგალითად როგორც ფინანსდება სარწყავი სისტემები 50%-ით, გვინდა, რომ დაფინანსდეს ბადე 30%-40%-ით“, - განმარტა „აგრობადეს“ დამფუძნებელმა.
ცნობისთვის, „აგრობადეს“, რომელიც USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით გაიხსნა, ამჟამად, დღეში 10 000 კვ.მეტრი სეტყვის საწინააღმდეგო ბადის წარმოება შეუძლია. საწარმო ჯერ გაფართოებას და ადგილობრივ ბაზარზე არსებული მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას გეგმავს, სამომავლოდ კი - პროდუქციის ექსპორტიც განიხილება.