საზოგადოება
26/04/2022

ონში დანიის სამეფო აკადემიის სკოლამ სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო

ონში დანიის სამეფო აკადემიის სკოლამ პირველი 20 სტუდენტი მიიღო.The New Democracy Fund-ის დაფინანსებით, The Royal Danish Academy-ს, თავისუფალი უნივერსიტეტის და რაჭაში არსებული დანიური ფონდის, Fair Trees ორგანიზებით 26 აპრილიდან 10 მაისამდე ქალაქ ონში  საგაზაფხულო სკოლა Oni Hub In-ი ტარდება.

როგორც დანიური ფონდის Fair Trees წარმომადგენელი თეონა დარჩია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, დანიიდან 10 სტუდენტი საქართველოში უკვე ჩამოვიდა, რომელსაც თავისუფალი უნივერსისტეტის 10 სტუდენტი დაემატება.

პროექტის ფარგლებში ონში ხდება  დანის სამეფო აკადემიის ხელოვნებისა და არქიტექტურის ფაკულტეტების სტუდენტების მასპინძლობა, რომლებიც თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად გაეცნობიან რაჭული ოდა სახლის მშენებლობის თეორიას და საველე პირობებში შეიძენენ პრაქტიკულ გამოცდილებას.

ასევე, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ქალაქ ონში არსებული სადურგლო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრებს და გაცვალონ როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული გამოცდილება.

„პროექტს გაცვლითი ხასიათი აქვს. ჩვენი დანიელი სტუმრების გაცილების შემდეგ, ვიწყებთ ინტესიურ მზადებას საზაფხულო სკოლის ორგანიზებისთვის: 2022 წლის ზაფხულში ასევე პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ქართველი სტუდენტების წაყვანა დანიაში და იქაური ხელოვნებისა და არქიტეტურის მათთვის გაცნობა,“-აღნიშნავს დარჩია.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს რაჭული ტრადიციული ოდა სახლის მშენებლობის პოპულარიზაციას და განვითარებას თანამედროვე სამშენებლო სექტორში.

„პროექტი ამით საფუძველს ჩაუყრის პროფესიული განათლების სისტემისა და სამუშაო ადგილების შექმნას რეგიონში, გენდერულ თანასწორობას შრომის ბაზარზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და ტრადიციული არქიტექტურის თანამედროვე მშენებლობაში ინტენსიურ გამოყენებას, მდგრადი მეტყევეობისა და ტურიზმის განვითარებას,“-აცხადებს დარჩია.

შეგახსენებთ, დანიის არქიტექტურისა და დიზაინის სამეფო აკადემიის წარმომადგენლებმა ონის მუნიციპალიტეტში აკადემიის საქმიანობისთვის სოფელ სორში არსებული შენობა შეარჩიეს. სტუდენტები რაჭაში მდებარე სასტუმრო „მხატვრის სახლში“ იცხოვრებენ.