ტურიზმი
10/05/2021

"სოფლის ევოლუციის მუზეუმი" - "ჰერბია" აგროტურიზმის ბიზნესში შედის

ქვეყანაში მწვანილისა და ბოსტნეულის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი „ჰერბია“ აგროტურიტულ საქმიანობას იწყებს.

კომპანია „სოფლის ევოლუციის მუზეუმს“ გახსნის. პროექტის განხორციელების იდეა დაახლოებით ორი წლის წინ გაჩნდა და პირველ სტუმრებს სექტემბერში მიიღებს. აგროტურისტული სივრცე წყალტუბოში მოეწყობა.

„დაახლოებით 2 წლის წინ დავიწყეთ მშენებელობა. რაც უფრო დრო გავიდა იზრდებოდა მოთხოვნაც, ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა რაღაც ახალი. „სოფლის ევოლუციის მუზეუმი“. აქ წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 300 წლის ისტორია - როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები სოფელში და როგორ ვცხოვრობთ დღეს. მთელი ეს ევოლუცია იქნება წარმოდგენილი მუზეუმში. "ჰერბიას" ტერიტორიაზე მოწყობილი იქნება ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა, ასევე გაიმართება სხვადახვა ქართული კერძის მომზადების მასტარკლასები. ყველა მსურველს ვასწავლით როგორ მოახვიონ ხინკალი ან გამოაცხონ ხაჭაპური და ა.შ. მომხმარებელს შევთავაზებთ ქართულ ღვინოებს. გვექნება, როგორც საფირმო „ჰერბიას“ ბიოღვინო ასევე სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი იშვიათი ღვინოები. ჩვენს სათბურებში გაშენებული გვაქვს უკვე ვენახები, საიდანაც დაახლოებით 20 ტონა ყურძნის მოკრეფას შევძლებთ. ყველაფერი უკვე თითქმის ბოლოშია და მაქსიმუმ სექტემბერში პირველ ვიზიტორებს მივიღებთ. პირველ ეტაპზე სასტუმრო ადგილზე არ იქნება, თუმცა მუშაობა ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს. სავარაუდოდ მომავალ გაზაფხულზე სასტუმროსაც გავხსნით,“ - დავით ჯანელიძე “ჰერბია“-ს მენეჯერი.

აგროტურისტულ სივრცეში 15-20 ადამიანი დასაქმდება და მხოლოდ მარნის მოწყობისთვის „ჰერბია“ 1 მლნ-მდე ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ცნობისთვის ჰერბიას სასათბურე მეურნეობაში წელიწადში დაახლოებით 2 000 ტ მწვანილი და ბოსტნეული მოჰყავს. პროდუქციას კომპანია ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ყიდის.

 

 

Businesspartner