ბიზნესი
10/01/2023

თბილისში "ტენეს“ "ბოთლიყლაპია აპარატები" გამოჩნდება

თბილისში „ბოთლიყლაპია აპარატები“ 3 თვეში გამოჩნდება. პროექტის ავტორია USB კაბელების დამამზადებელი კომპანია "ტენე“.

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" "ტენეს" დამფუძნებელმა, სანდრო ლილუაშვილმა განაცხადა, აპარატები პლასტმასის და თუნუქის ქილების  გადამამუშავებელი ქარხნის ერთგვარი ბანკომატი იქნება, რომლიდანაც მოქალაქეებს  საწყის ეტაპზე, ვირტუალური ფულის, შემდეგ კი რეალური ფულის მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

„ანუ, გამოყენებულ ბოთლებს და თუნიქის ქილებს ფულში გადაცვლიან. მომხმარებლის იდენტიფიცირება ტელეფონის ნომრით მოხდება, სპეციალურად მინიჭებული QR კოდით კი დაგროვდება  ქულები, რომლის გამოყენებაც „ტენეს“ სხვადასხვა  პარტნიორ მაღაზიებში პროდუქტებზე ფასდაკლებებს მიიღების ფორმით იქნება შესაძლებელი,“-აცხადებს ლილუაშვილი.

სავარაუდო ლოკაციებად განიხილებვა სავაჭრო მოლები, ბაზრობები და სხვადასხვა ხალხმრავალი ადგილი. საწყის ეტაპზე "ტენე: 3 აპარატის წარმოებასა და მონტაჟს გეგმავს.

მისივე განცხადებით, „ბოთლიყლაპია აპარატების“ აწყობას ქართულ ტექნოლოგიური კომპანია Edison Tech-ი უზრუნველყოფს. 

როგორც ლილუაშვილი განმარტავს, 1 აპარატის გასაყიდი ფასი დაახლოებით 20 000 ლარი იქნება.

„მსოფლიოს მასშტაბით, მსგავსი აპარატები იწარმოება, თუმცა, მათ საკმაოდ მაღალი თვითღირებულება აქვთ. თბილისში,  ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინიციატივით, იგეგმებოდა მსგავსი აპარატების მონტაჟი, თუმცა, ეს პროექტი აქამდე არ განხორციელებულა. 30 000 ევრო ჯდება 1 აპარტი და ჩვენ 20 000 ლარად შეგვიძლია მისი გაყიდვა,“-აცხადებს ლილუაშვილი.

შეგახსენებთ, „ბოთლიყლაპია აპარატების“ პროექტი  2018 წელს თბილისში,  “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო. მაშინ  ბოთლიყლაპია” აპარატების პროექტის ავტორი კუკური ბარამიძე იყო.

“ბოთლიყლაპია” აპარატები უკვე მრავალი წელია გავრცელებული ევროპის ქვეყნებში.

Businesspartner