ბიზნესი
02/11/2023

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ.

როგორც ექსპორტის განვითარების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე გვანცა მელაძე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას აცხადებს, ცოცხალი ხილის და ბოსტნეულის ტრანსპორტირების  დროს ცივი ჯაჭვის შესანარჩუნებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კარგო  ტერმინალის ამოქმედება.

„სურსათის ექსპორტი არის საკმაოდ პრობლემატური. იქიდან გამომდინარე, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქცია არის მალფუჭებადი, სჭირდება ტემპერატურული რეჟიმის შენარჩუნება. 

ამიტომაც, ქუთაისის აეროპორტში სატვირთო მიმართულების განვითარება აუცილებელია, იმისთვის რომ დასავლეთში წარმოებული ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტისას, ტრანსპორტირების დროს მოხდეს ხარისხის მაქსიმალურად შენარჩუნება. შემდეგ უკვე გასათვალისწინებელია მარკეტინგიული მხარდაჭერა, რათა ქართული პროდუქციის მიმართ მოთხოვნა გაიზარდოს.“-აღნიშნა გვანცა მელაძემ.

მისივე თქმით, ხილის 40%-ისა და ბოსტნეულის 50%-ზე მეტის ექსპორტი სრულად რუსეთზეა დამოკიდებული. ეს კი ძალიან დიდი რისკის მატარებელია იმ ოჯახებისთვის რეგიონებში, რომელთა შემოსავალიც ამაზეა დამოკიდებული.

„ექსპორტიორებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევები  შეფუთვის, ტრანსპორტის და ლოგისტიკის პრობლემებთან არის დაკავშირებული. ამ ყველა მიმართულებით უფრო აქტიური და სტრატეგიული მიდომაა საჭირო სახელმწიფოს მხრიდანაც. გარკვეული მხარდაჭერა ახლაც არსებობს, თუმცა, არააკმარისია. ძირითადად, გამოფენების დაფინანსება ხდება. ასევე  საცალო საცალო ქსელში შესასვლელი ხარჯების თანადაფინანსებითაც ეხმარება სახელმწიფო ეექსპორტიორებს, მაგრამ უკეთესი შედეგის მისაღებად, ეს ყველაფერი სისტემურად უნდა შეიკრას.“-აღნიშნავს გვანცა მელაძე.

შეგახსენებთ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კარგო ტერმინალის მშენებლობა იგეგმება, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემდეგ, საჰაერო სატვირთო გადაზიდვებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიც მოემსახურება. როგორც აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ მიმდინარე წლის სექტემბერს, „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა, ახალი აეროდრომი 2025 წლის პირველ ნახევარში უნდა შევიდეს ექსპლუატაციაში.

Businesspartner