ტურიზმი
28/09/2023

ქუთაისის აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მოწყობისთვის ₾85 მლნ დაიხარჯება

ქუთაისის აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მოწყობისთვის 85 მლნ ლარი დაიხარჯება. როგორც აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა, ახალი აეროდრომი 2025 წლის პირველ ნახევარში უნდა შევიდეს ექსპლუატაციაში.

„ეს არის უდიდესი პროექტი. პროექტირების დასრულების შემდეგ ზუსტად გვეცოდინება სამშენებლო ვადები და ღირებულება, თუმცა სავარაუდოდ, საუბარია 85 მილიონი ლარის ინვესტიციაზე. ამ პროექტის შედეგად,  საერთოდ სხვა მასშტაბზე გადადის ქუთაისის აეროპორტი. აეროდრომი იქნება უმაღლესი კლასის და შეძლებს როგორც სატვირთო, ისე სამგზავრო გადაზიდვებს. დღევანდელი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი ფუნქციას შეიცვლის და ეს მოგვცემს საშუალებას რომ უფრო ეფექტურად ვმართოთ ფრენები, რომლებიც ქუთაისის აეროპორტშია.“-აღნიშნა ირაკლი ქარქაშაძემ.

მისივე თქმით, დღეისათვის ქუთაისის აეროპორტში ფრენების დღიური სიხშირე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

„2012 წელს,  კვირაში 3-4 რეისი გვქონდა, დღეს ჩვენ დღეში 30-40 და ზაფხულში 60 რეისიც კი გვაქვს. ახალი ასაფრენ დასაფრენი ზოლი გააორმაგებს ამ მაჩვენებელს. დღევანდელი მოცემულობა 2027 წლისთვის იყო ნავარაუდევი. ჩვენ 5-6 წლით ვასწრებთ ამ ტენდენციას.“-აღნიშნა ირაკლი ქარქაშაძემ.

მისივე თქმით, ამჟამად ქუთაისის აეროპორტთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია სარემონტო სამუშაოების შესყიდვების პროცედურები. ინფრასტრუქტურის განახლების საკითხი  დასავლეთ საქართველოში მოსული უხვი ნალექის შემდეგ დადგა დღის წესრიგში.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურა დაპროექტებულია იმ მოცემულობის შესაბამისად, რაც ისტორიულად არსებობდა. ნალექების ის რაოდენობა რომელიც წელს მოვიდა, რამდენჯერმე აღემატებოდა ნორმალურს.  ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს სარემონტო სამუშაოების შესყიდვის პროცედურები.  ახალ რეალობას უნდა მოვერგოთ.“-აღნიშნა ირაკლი ქარქაშაძემ.