დასალევი ხილ-ბოსტნეული "კეთილი და პატიოსანი“ ბაზარზე ახალ პროდუქტს გამოიტანს
დასალევი ხილ-ბოსტნეული "კეთილი და პატიოსანი“ სულ მალე მომხმარებელს ახალ გემოს შესთავზებს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი გიორგი ახალაძე "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, ახალი პროდუქტი მარწყვის, ვაშლის და ჩიას მიქსი იქნება.
„ახალი გემო შემდეგი თვიდან გამოჩნდება ბაზარზე, ახლა ჩამოსხმის პროცესში ვართ. ვცდილობთ, მომხმარებლებს მუდმივად შევთავაზოთ სიახლეები, მოთხოვნაც საკმაოდ მაღალია. საქართველოში სარეალიზაციო წერტილები 500-მდე გავზარდეთ და ვაგრძელებთ ამ პროცესს. „კეთილი და პატიოსანი" წარმოდგენილია ყველა დიდ ქსელურ მარკეტში, ასევე „ავერსის“ 50-მდე ფილიალში და რამდენიმე ონლაინ პლატფორმაზე. ამასთან, რამდენიმე ქვეყანასთან გვაქვს მოლაპარაკებები, რომ ქართული პროდუქტის ექსპორტი მსოფლიოს კიდევ უფრო მეტ ქვეყანაში შევძლოთ, ახლახანს გავედით დიდი ბრიტანეთის და ყატარის ბაზარზეც,“ – აღნიშნავს კომპანიის დირექტორი.
ინფორმაციისთვის, დასალევი ხილ-ბოსტნეული „კეთილი და პატიოსანი“ გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში „ქართული აგროპროდუქტის“ საწარმოში მზადდება, რომელიც თავის მხრივ წელიწადში 500-1000 ტონა ხილის ექსპორტს უკრაინაში, ყაზახეთში, ბელარუსსა და რუსეთში ახორციელებს.