ბიზნესი
30/06/2021

ნატურალური სასმელი "კეთილი და პატიოსანი" ბრიტანეთისა და ყატარის ბაზარზე გავიდა

ნატურალური სასმელი “კეთილი და პატიოსანი“ ბრიტანეთის ბაზარზე გავიდა, მანამდე კი კომპანიამ პროდუქცია ექსპორტზე ყატარში გაიტანა.

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" კომპანიის დირექტორი გიორგი ახალაძე ამბობს, ქართულ პროდუქტზე მოთხოვნა და გამოხმაურება საკმაოდ დიდია და კომპანია მზად არის დიდი მოცულობის შეკვეთებისთვის.

„ორგანიზაცია „ქართული სახლის“ დახმარებით გამოფენაზე საცდელი პროდუქცია გავგზავნეთ, ხელი მოვაწერეთ კონტრაქტს და დაიწყო პროდუქტის დისტრიბუცია ლონდონის მაღაზიებში, რომლის ფასიც 1.99 ფუნტია. ახლა გვაქვს 35 000 ბოთლის შეკვეთა და ვიმედოვნებთ, რომ ეს რიცხვი სულ უფრო გაიზრდება. ამ ეტაპზე, ლონდონში პროდუქცია იყიდება 21 ლოკაციაზე, თუმცა დისტრიბუტორის მიზანია ეს რიცხვი მომდევნო 2 თვეში 500-მდე გაზარდოს.

რაც შეეხება ყატარს, ამ საქმეში დიდი სამუშაო გასწია საქართველოს საელჩომ ყატარში, რომელმაც ქართული პროდუქციის გამოფენა გააკეთა, სადაც დაინტერესდა დიდი ჰიპერმარკეტი, მოეწონათ დასალევი ხილ-ბოსტნეული, უცხო გემოები და უკვე საკმაოდ პოპულარული გახდა ჩვენი სასმელი. ახლა უკვე მორიგ შეკვეთას ველოდებით ყატარისგან,“ – აღნიშნავს გიორგი ხმალაძე.

მისივე თქმით, კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს უკრაინასთან და რუსეთთან, ასევე გეგმაშია საქართველოს სრულად მოცვა.

„ვცდილობთ დივერსიფიცირებული გვქონდეს მიწოდება. საქართველოშიც პროდუქტის ხელმისაწვდომობა გაიზარდა და სასმელის შეძენა 500 წერტილშია შესაძლებელი. მათ შორის, "ნიკორაში", "ევროპროდუქტში", "კარფურში", "ისთ ფოინთში", "გუდვილში", "აგროჰაბსა" და "ავერსის" 50 ფილიალში და ა.შ. ამასთან რამდენიმე ონლაინ პლატფორმაზეც,“ – აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, დასალევი ხილ-ბოსტნეული „კეთილი და პატიოსანი“ გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში „ქართული აგროპროდუქტის“ საწარმოში მზადდება, რომელიც თავის მხრივ წელიწადში 500-1000 ტონა ხილის ექსპორტს უკრაინაში, ყაზახეთში, ბელარუსსა და რუსეთში ახორციელებს.