ბიზნესი
13/04/2022

ასოციაცია: ელექტრონული კომერციის სექტორი სტაბილურად ვითარდება

ეკონომიკურად არასტაბილური გარემოს მიუხედავად ელექტრონული კომერციის სექტორი სტაბილურად ვითარდება. ამის შესახებ ელკომერციის ასოციაციის პრეზიდენტმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

თამარ გოგოლაშვილის თქმით, ელკომერციის ინდუსტრია, ნელი ტემპით, თუმცა მნიშვნელოვნად ვითარდება და კიდევ სჭირდება დრო, რომ განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს.

"სექტორს ამ ეტაპზე უფრო შინაარსობვრივი განვითარების პერიოდი აქვს, რადგან ბევრი ონლაინ მაღაზია შემოდის, პრაქტიკას აგროვებენ, კომპანიები თანამშრომლების გადამზადებასა და თავიანთი ტექნოლოგიების დახვეწაზე მუშაობენ. შესაბამისად, ამის შედეგს მომავალში უფრო კარგად დავინახავთ.

პანდემიის გამო, 2020 წელს ელკომერციის ბაზარი ძალიან სწრაფი ტემპით გაიზარდა და 2021 წელსაც ნაწილობრივ შენარჩუნდა ეს ტემპი. ზოგადად, ყოველდღიურად 20–30%–ით მაინც იზრდება ელკომერცია და ეს ასეც უნდა იყოს. ბაზრის ზრდა კი ონლაინ მაღაზიების განვითარებას და ზოგადად ამ სექტორში სტაბილური მოთამაშების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს," – აღნიშნავს თამარ გოგოლაშვილი.

ინფორმაციისთვის, GALT&TAGGART–მა ელკომერციის კვლევის მიხედვით, საქართველოში ადგილობრივი ელ-კომერციის ბაზრის ზომა 2021-2025 წლებში 1.1 მლრდ ლარამდე გაიზრდება. ამასთან, იგივე პერიოდში მოსალოდნელია საცალო გაყიდვებში ელ-კომერციის წილის ზრდა 1.1%-დან 4.7%-მდე.