ეკონომიკა
21/07/2021

Galt&Taggart: საქართველოში ელ-კომერციის ბაზრის ზომა 2021-2025-ში ₾1.1 მლრდ-მდე გაიზრდება

გალტ & თაგარტის პროგნოზით, საქართველოში ადგილობრივი ელ-კომერციის ბაზრის ზომა 2021-2025 წლებში 1.1მლრდ ლარამდე გაიზრდება. ამასთან, იგივე პერიოდში მოსალოდნელია საცალო გაყიდვებში ელ-კომერციის წილის ზრდა 1.1%-დან 4.7%-მდე.

კვლევის მიხედვით სექტორის ზრდას ხელს შეუწყობს ონლაინ მოვაჭრეთა რაოდენობის ზრდა, ერთ მომხმარებელზე საშუალო წლიური ონლაინ დანახარჯის ზრდა და ადგილობრივი ონლაინ მაღაზიების მიერ უცხოური ონლაინ პლატფორმებიდან მოვაჭრეთა მოზიდვა.

“მომსახურების გაუმჯობესებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სექტორის განვითარებისათვის, რადგან მოსახერხებელი ონლაინ ვაჭრობის შეთავაზება მთავარი გამოწვევაა. შედეგად, ქართველები 3.3-ჯერ მეტს ხარჯავენ საერთაშორისო ონლაინ მაღაზიებში, ვიდრე ადგილობრივში. ამასთან, ვაჭრობის სრული პროცესის გაუმჯობესება (ძებნიდან მიწოდებამდე) მოითხოვს დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურსს. შესაბამისად, მასშტაბის ეკონომია ელ-კომერციის განვითარების აუცილებელი პირობაა, რაც მესამე მხარის მიერ ორგანიზებული პლატფორმების ზრდის ძლიერ პოტენციალზე მიუთითებს“,- აცხადებენ გალტ & თაგარტ-ში. 

საქართველოში ადგილობრივი ელ-კომერციის ყველაზე პოპულარული კატეგორიაა ელექტრონიკა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და მოწყობილობები, რაც გალტ & თაგარტის  შეფასებით, 2020 წელს გაყიდვების 65%-ს შეადგენდა.

“აღსანიშნავია, რომ ამ ქვესექტორში კომპანიებმა ინვესტიცია ციფრულ არხებში COVID-19- ის პანდემიამდე დაიწყეს და შესაბამისად, სხვა სექტორებთან შედარებით უფრო მომზადებული შეხვდნენ დაწესებულ შეზღუდვებს“,- აღნიშნულია კვლევაში. 

კვლევის მიხედვით, ტანსაცმელი დააქსესუარები სიდიდით მე-2 კატეგორიაა, ადგილობრივი ელ-კომერციის ბაზრის 16%-იანი წილით, რასაც მოსდევს ავეჯი და მოსაპირკეთებელი მასალები 8%-იანი წილით, 2020 წელს.

საკვების მიტანის მომსახურებას განსაკუთრებული ნიშა უჭირავს საქართველოს ონლაინ ვაჭრობაში.

“სუპერმარკეტების ონლაინ პლატფორმების არარსებობის პირობებში, საკვების მიტანის სერვისის მიმწოდებლებმა სურსათის, პირადი ჰიგიენისა და ფარმაცევტული პროდუქტების მიწოდებაც შეითავსეს, რასაც განვითარებულ ბაზრებზე თავად სუპერმარკეტები უზრუნველყოფენ. ჩვენი გათვლებით, საკვების მიტანის სექტორის ბრუნვამ 2020 წელს 167 მლნ ლარი შეადგინა, 3-ჯერ მეტი 2019 წელთან შედარებით. აქედან სურსათისა და პირადი ჰიგიენის საშუალებების წილმა, ჩვენი შეფასებით, მთლიანი ბრუნვის 20% შეადგინა. ამასთან, ქართული სუპერმარკეტები განავითარებენ საკუთარი მიწოდების ქსელს თუ გააგრძელებენ მიტანის მომსახურების გამოყენებას დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის კომპანიების ფინანსურ და ადამიანურ რესურსებზე“,- ნათქვამია კვლევაში. 

გარდა ამისა, მათი თქმით, აუცილებელია ციფრული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ინტერნეტ/მობილური ბანკინგის გამოყენების გაზრდა და ლოგისტიკის განვითარება. ამ მხრივ საქართველომ უნდა გამოიყენოს ის არსებული უპირატესობები, როგორებიცაა განვითარებული საბანკო სექტორი, ინტერნეტზე მაღალი ხელმისაწვდომობა და ქვეყნის შედარებით ახალგაზრდა მოსახლეობა.

„გალტ & თაგარტი აგრძელებს საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორების დაფარვას და  ბიზნესისთვის სხვადასხვა სექტორში არსებული საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ანალიზზე დაფუძნებული კვლევების მიწოდებას. მსოფლიოში ონლაინ ვაჭრობის წილი მთლიან გაყიდვებში მნიშვნელოვნად გაიზარდა COVID-19 პერიოდში. დარგის ექსპერტების აზრით, ონლაინ ვაჭრობაზრე მოთხოვნის ზრდა კრიზისის გადავლის შემდგომაც გაგრძელდება, რადგანაც ამ კრიზისით შეცვლილი მოხმარებლის ქცევა მომავალშიც შენარჩუნდება. საქართველოშიც იგივე ტენდენცია გამოიკვეთა და მომდევნო წლებში მოსალოდნელია ონლაინ ვაჭრობაზე გადასვლის პროცესის დაჩქარება. შესაბამისად, ჩვენი კვლევის მიზანია ელ-კომერციის სექტორის წარმომადგენლებს, ინვესტორებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს გაუზიაროთ გალტ & თაგარტის ხედვა სექტორში არსებული ვითარების, შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ“,- განაცხადა გალტ & თაგარტის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა.